ახალი ამბები

„ექსტრემიზმის“ ბრალდებით რუსეთში გეი ბარის ადმინისტრატორი და არტ დირექტორი დააკავეს

21 მარტი, 2024 • 1077
„ექსტრემიზმის“ ბრალდებით რუსეთში გეი ბარის ადმინისტრატორი და არტ დირექტორი დააკავეს

რუსეთის ქალაქ ორენბურგში დააკავეს ადგილობრივ გეი ბარ Pose-ის არტ დირექტორი და ადმინისტრატორი. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ იტყობინება, ეს არის პირველი მსგავსი საქმე რუსეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიიღეს ჰომოფობიური, რეპრესიული კანონი არარსებული „საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება ლგბტ-ს“ წინააღმდეგ.

„მედუზას“ ცნობით, გეი ბარის თანამშრომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგის“ ხელმძღვანელმა ეკატერინა მიზულინამ, რომელიც სწორედ მსგავსი ცენზურითაა დაკავებული.

ორენბურგის სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ დაკავებულებს — ალექსანდრ კლიმოვსა და დიანა კამილიანოვას — წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საბოლოოდ, რეპრესიული კანონის მიხედვით, მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები „წარმოადგენენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს, რომლებიც სხვებთან ერთად ასევე მხარს უჭერენ „საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება ლგბტ-ს“ შეხედულებებსა და საქმიანობას, რაც ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია.“

სოციალურ ქსელებში გავრცელა გეი ბარ Pose-ში პოლიციის რეიდის ამსახველი ვიდეო, სადაც მყოფ ადამიანებს პოლიციამ ღირსების შემლახავი, ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყო.

აღნიშნულ ბარში იმართებოდა დახურული ღონისძიებები, მათ შორის, თემატური თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები.

რეპრესიული, ჰომოფობიური კანონი რუსეთში 2023 წლის 30 ნოემბერს საბოლოოდ დაამტკიცა რუსეთის უზენაესმა სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით ექსტრემისტულად გამოცხადდა „საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება ლგბტ.“ მსგავსი გაერთიანება ბუნებაში არ არსებობს და ის პუტინის რეჟიმმა პროპაგანდისტული, რეპრესიული მიზნებისთვის გამოიგონა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთში კიდევ უფრო გააუარესებს ადამიანთა უფლებებს და ხელისუფლების ხელში მორიგი იარაღი იქნება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი