ახალი ამბები

“ქართული მარში” საპრეზიდენტო კანდიდატად სანდრო ბრეგაძეს წარადგენს

16 აპრილი, 2018 • 9756
“ქართული მარში” საპრეზიდენტო კანდიდატად სანდრო ბრეგაძეს წარადგენს

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. ქართული მარში კანდიდატად სანდრო ბრეგაძეს წარადგენს. ინფორმაცია ნეტგაზეთს მოძრაობის პრესსამსახურმა დაუდასტურა. ჯერჯერობით სანდრო ბრეგაგაძის საარჩევნო დაპირებები არ ვიცით.

ქართული მარშის აქტივობები

სანდრო ბრეგაძეს 2016 წლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ის პარლამენტისაგან საკონსტიტუციო შესწორების მიღებას ითხოვდა, რომლითაც “ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირად” განისაზღვრებოდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ  ხელისუფლებასა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ღიად დაუპირისპირდა.

სანდრო ბრეგაძის საკითხზე ხელისუფლების რეაგირებას არასამთავრობო სექტორი ჯერ კიდევ 2014 წელს ითხოვდა, როცა მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთ ინტერვიუში ლგბტ თემის შესახებ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით ისაუბრა.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სანდრო ბრეგაძემ თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა “ქართული მარში” 2017 წლის ზაფხულში ჩამოაყალიბა, რომელმაც არაერთი ჰომოფობიური და ქსენოფობიური აქცია-მსვლელობა გამართა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 20 სექტემბერს, ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა ხელისუფლებას შვიდპუნქტიანი მოთხოვნების გეგმა წარუდგინეს და “მაჰათმა განდის შემდეგ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასობრივი უვადო სასიკვდილო შიმშილობით” იმუქრნენ,  თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს 1 ოქტომბრამდე არ შეასრულებდა. მთავრობამ პრაქტიკულად მათი არცერთი მოთხოვნა შეასრულა, თუმცა არც შიმშილობა დაწყებულა. სანდრო ბრეგაძემ არჩევნების მიმდინარეობისას შიმშილობის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია, პარალელურად კი მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა.

19 მარტს ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.

მოძრაობის წევრების დაკავების შემდეგ სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში თავისი მოთხოვნით დაწვა. ბრეგაძე ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა განყოფილებაში მასზე იძალადეს, ასევე, ჰქონდა გულყრები. პოლიციამ ბრალდებები უარყო, ექიმები კი ამბობდნენ, რომ პაციენტი ჯანმრთელი იყო და ღუდუშაურის კლინიკას ასეთი პრაქტიკა არ ჰქონია.

ე.წ. ქართული მარშის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით, ამჯერად, სანდრო ბრეგაძემ ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიური სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა. გასულ წელს, მაჰათმა განდის ანალოგიურად დაანონსებულ შიმშილობაზე, მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, რომ რეალურად ეს დიეტას უფრო ჰგავდა, ვიდრე საპროტესტო შიმშილობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი