იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, პოლონელ ექიმებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვებენ, ვიდრე არ გაკეთდება განმარტება, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება.
პენიტენციურმა სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ცდილობდა ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუში ფეხსაცმლით, „მალულად გაეტანა”.
„მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივცეთ სპეკულაციებს ფართო გასაქანი და სწორედ ამიტომ ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ისე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ…
რა თქმა უნდა, თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას მანამ, სანამ ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ტიპის სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
„გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს და დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და სამართლებრივ შეფასებასაც. თუმცა ვცდილობთ, მივიღოთ პოლონური მხარისგან ოფიციალური განმარტება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავტოვებთ ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გონივრულ ვადას რაც შეეხება, არსად არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას არ დასჭირდება რამდენიმე დღის მეტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სტუმრობისას.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 12 ივლისს მოინახულეს.
14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის „მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა.
სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ. თავად პოლონურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი კი საზოგადოებას მოუწოდებს, არ მოახდინონ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირება.
პენიტენციური: პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა