ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც მის ავტომობილზე “ქართული მარშის” წევრების თავდასხმის დროს, 19 მარტს, არის გადაღებული. ავტომობილში ამ დროს, მურადაშვილის გარდა, ჟურნალისტი გიორგი გაბუნიაც იმყოფებოდა.
“ქართული მარშის” წევრები მურადაშვილის მანქანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, ურტყამდნენ მუშტებს. საბოლოოდ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა და იურისტმა “ქართული მარშის” წევრებს თავი პოლიციის დახმარებით დააღწიეს.
“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.
საქმესთან დაკავშირებით დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილიც. მათ 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი დაკავებულნი არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ბრალდებით. დაკავებულთა ნაწილს, რომელთა შორის მელორ ვაჩნაძეც არის, შსს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.