დაკორექტირების შემდეგაც, ჩასაბარებელი ფასი კილოგრამ ყურძენზე უმეტეს შემთხვევაში 90 თეთრიდან 1 ლარამდეა. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 2012 წელსაც 1 ლარი იყო, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ინფლაცია.
ბოლო 14 წელიწადში სამომხმარებლო ფასები 81%-ით გაიზარდა. ის რისი შეძენისთვისაც დღეს 1 ლარია საჭირო, 2012 წელს 55 თეთრი იქნებოდა საკმარისი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 14 წელიწადში, ყურძნის ჩასაბარებელი რეალური ფასი ინფლაციის გათვალისწინებით განახევრდა.
სუბსიდირება და მისი წინაპირობები
ისტორიული კონტექსტისა თუ მევენახეთა რაოდენობის მიზეზით, საქართველოში რთველს ყოველთვის გააჩნდა პოლიტიკური დატვირთვაც. 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოზე და არა მხოლოდ მასზე, ემბარგო გამოაცხადა. დღეს ღვინის 2/3-ზე მეტი რუსეთში გადის. 2006 წლის ჩაშლილი დეტალური სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ დამოკიდებულება მაშინ კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.
2006 წელს, ქარხნებმა ჩასაბარებელი ფასი 50-დან 35 თეთრამდე, ხოლო 2007 წელს 20 თეთრამდე შეამცირეს. იმ დროს არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, ეს ორ წელიწადში ფასის 3-ჯერ შემცირებას უდრიდა. ასევე ინფლაციის გათვალისწინებით, 2007 წლის 20 თეთრი მსყიდველუნარიანობით 2026 წლის 46 თეთრს უთანაბრდება.
2008 წლის შემოდგომაზე, ომის შემდგომ პერიოდში, სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. სუბსიდირების პრაქტიკა, გადახედვის არაერთი მცდელობის მიუხედავად დღემდე გრძელდება.
2012 წელს, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი, 2011 წელთან შედარებით გაორმაგდა და ₾1-ს გაუთანაბრდა. იმ დროს არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, კონკურენტი ძალა ქართული ოცნების სახით, სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდისა და მილიარდიანი ფონდის დაპირებით გამოდიოდა. თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 2013 წელსაც 1 ლარზე შენარჩუნდა, შემდგომ წლებში კი უმეტეს შემთხვევაში – იკლო.
რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება
2013 წლიდან რუსული ბაზარი თავიდან გაიხსნა და ქართული ღვინოც ისევ რუსულ ბაზარს მიება.
ღვინის ექსპორტი რუსეთში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2013-2014 წლებში ემბარგოს შემდეგ, რუსეთში ღვინის შეტანა აქტიურად დაიწყო. მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა, რასაც რუბლის კურსის ვარდნა და სხვა ეკონომიკური პრობლემებიც დაემატა. ამ ყველაფერმა ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში დროებით ისევ გაანახევრა. 2020 და 2022 წლებში რუბლის ვარდნა იმ მასშტაბის აღარ ყოფილა (2015 წელს აშშ დოლარის ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 35-დან 65 რუბლამდე გაიზარდა, 2020 წელს 65-დან 75-მდე, 2022 წელს მოკლევადიან პერიოდში 130-საც გადასცდა, მაგრამ მალევე დასტაბილურდა). ამასთან, 2022 წელს რუსეთში ევროპული ქვეყნების ღვინოების შეტანა შეიზღუდა. 2025 წლის მცირე კორექციის მიზეზი კი აქციზის ფასის მატება გახდა.
რატომაა პრობლემა რუსული ბაზარი? მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში რისკის შემცველია. კრემლის ფაქტორი კი ამ რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. კრემლს პოლიტიკური მიზეზებით არაერთი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაუბლოკია, მათ შორის საქართველოს, სულ ახლახან – სომხეთის და ა.შ. ამასთან, რუსეთში საექსპორტო ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 2025 წელს თანხობრივად რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 64%, ხოლო ტონაჟით 68% შეადგინა.
2025 წელს 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება საშუალოდ $2.98-ს შეადგენდა. უშუალოდ რუსეთში ეს ფასი $2.81 იყო, ჩინეთში – $3.13, გერმანიაში – $4.73, აშშ-ში – $6.17.
1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დაბალი სარეალიზაციო ღირებულება, დაბალი ჩასაბარებელი ფასის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუ გერმანიაში გასაყიდი ფასი 4.73 დოლარია და რუსეთში 2.77 ბუნებრივია, მეწარმეს გაყიდვის სურვილი გერმანიაში უფრო ექნება, სადაც ფასი 2 დოლარით მეტია, მაგრამ იქ კონკურენციაც მეტია. მაღალმსყიდველობით ბაზრებზე ღვინის ექსპორტის ზრდა (და შიდა კონკურენცია) სავარაუდოდ გაზრდიდა ჩასაბარებელი ყურძნის ფასსაც.
დღეს რუსეთს გარეთ უფრო მეტი ღვინო იყიდება, ვიდრე ემბარგომდე მთელ მსოფლიოში რუსეთიანად, მაგრამ ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ და სხვა ევროპულ ღვინოებთან კონკურენცია კვლავ პრობლემად რჩება.
მცირემიწიანობა და სუბსიდიის ხარჯი
საქართველოში კიდევ ერთი პრობლემა მცირემიწიანობაა. მევენახე ბევრია, მაგრამ ისეთის ფერმერის რაოდენობა ვისაც 40-50 და მეტი ჰექტარი ექნება, ცოტა. ფერმერების საკუთრებაში არსებული ვენახის ფართობი 1 ჰექტარზე და ზოგ შემთხვევაში 0.5 ჰექტარზე ნაკლებია. ერთი კვადრატული მეტრის დამუშავება მცირე მიწისთვის უფრო ძვირი ჯდება. მაშინაც კი თუ დაშვების დონეზე ხარჯს 0 ლარით დავითვლით. 5 ტონა ყურძნის ჩაბარებით მისაღები შემოსავალი 4500-5000 ლარია, რაც ბუნებრივია წლიურ ჭრილში ოჯახის სარჩენად აბსოლუტურად არასაკმარისია. რეალურად 5000 ლარიდან მოხვნის, შეწამვლის და თუნდაც მხოლოდ რთველში დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებმა შესაძლოა 2500-3000 ლარსაც გადააჭარბოს. ამის საპირისპიროდ, თუ მოსავლის ოდენობა 50-ჯერ მეტი იქნება, 30%-ით დაბალი ფასის პირობებშიც კი ფერმერი 175 000 ლარს მიიღებს. თუ ხარჯებს 125 000 ლარით დავითვლით მოგება 50 000 ლარი იქნება.
სუბსიდია თავისი არსით სოციალურ ხასიათს ატარებს და არა ეკონომიკურს. სახელმწიფო არამხოლოდ დამატებით თანხას უხდის მევენახეს, დაზიანებულ ყურძენსაც იბარებს, რაც ეკონომიკურ ლოგიკაში არ ჯდება.
2008 წელს სუბსიდირება 6 მლნ ლარით დაიწყო და 2025 წელს 220 მლნ-ზე ავიდა. ჯამში 2008-2025 წლებში პირდაპირ სუბსიდირებასა და შესყიდვებზე 1 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2026 წელს თავდაპირველი გეგმით სუბსიდირებაზე 60 მლნ იყო გამოყოფილი, 22 სექტემბერს თანხა 50 მლნ-ით გაიზარდა. რთველი ჯერ არ დასრულებულა და ხარჯი შესაძლოა დაკორექტირდეს.
ინფლაციის ეფექტი
რა არის შედეგი მევენახისთვის? ბოლო 14 წელიწადში ჯამურად ₾1 მლრდ0ზე მეტის დახარჯვის მიუხედავად, მევენახისთვის ყურძნის ჩასაბარებელი რეალური ფასი (ინფლაციის გათვალისწინებით) 2012 წლის შემდეგ განახევრდა და მის მისაღწევადაც ფერმერებს 2-დღიანი საპროტესტო აქციები და გზების გადაკეტვები სჭირდებათ.
1 კგ. ჩასაბარებელი ნომინალური ფასი 2026 წლის მდგომარეობით და 2012 წლის მსყიდველუნარიანობით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
