პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მისი პარტიის აკრძალვას ითხოვს, ხელმისაწვდომი არაა.

გახარიას თქმით, საინტერესო იქნება რა ბრალდებას „გამოაცხობს“ ივანიშვილის რეჟიმი მისი პარტიის წინააღმდეგ.

„წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით, აიკრძალოს ჩვენი პარტია — ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი.

დღემდე ეს „სარჩელი“ მიუწვდომელია — ის არც საჯაროა და არც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.

საკმაოდ „საინტერესო“ იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთხზულ ბრალდებებს გამოაცხობს ივანიშვილის რეჟიმი ამჯერად იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საპარლამენტო მანდატები აქვს და თანმიმდევრულად იმეორებს, რომ არჩევნები ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი გზაა“, – წერს X-ზე გახარია.


14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – „გახარია საქართველოსთვის“.

თავდაპირველად ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ოცნებამ“  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის (ან წარდგინების) რეგისტრაციის დღიდან. იმავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს. საქმის განხილვის ვადას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი (ან შესაბამისი კოლეგია) არაუმეტეს 2 თვით ახანგრძლივებს.

თუმცა მიმდინარე წლის აპრილში „ოცნებამ“ ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტები” დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

ასეა ახლაც, გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტია პარლამენტშიც შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. “ოცნება” სწორედ ამ ფაქტორებით ხსნიდა, თუ რატომ არ ჩაწერეს ეს პარტია თავდაპირველ სიაში, თუმცა ახლა მაინც მოითხოვეს მისი აკრძალვაც.