ახალი ამბები

რატომ გადაიდო “ქართველთა მარშის” ე.წ. სასიკვდილო შიმშილობა

16 ოქტომბერი, 2017 • 4349
რატომ გადაიდო “ქართველთა მარშის” ე.წ. სასიკვდილო შიმშილობა

სანდრო ბრეგაძემ 20 სექტემბერში განგვიცხადა, რომ თუ მთავრობა ე.წ. ქართველთა მარშის 7 მოთხოვნას არ შეასრულებდა, პირველი ოქტომბრიდან, მაჰათმა განდის შემდეგ, ყველაზე მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას დაიწყებდნენ, თუმცა პროტესტის დაწყება უკვე ორი კვირით დაგვიანდა.

რატომ?

ე.წ. ქართველთა მარშის ლიდერის თქმით, მთავრობამ მათი მოთხოვნების ნაწილზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ არ შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა, რის გამოც მოსახლოებას ბოიკოტისკენ მოუწოდებს, თუმცა არჩევნების მიმდინარეობისას შიმშილობის დაწყებას მაინც მიზანშეუწონლად მიიჩნევს. გარდა ამისა, როგორც სანდრო ბრეგაძე ამბობს, ე.წ. ქართველთა მარშს “პატრიოტთა ალიანსმა” დაასწრო შიმშილობის დაწყება, რითიც ხელი შეეშალათ რადიკალური პროტესტის დასაწყებად.

“მთავრობისგან მოვიდა პასუხი, რომ არჩევნების შემდგომ დაიწყება მუშაობა ახალ და გამკაცრებულ საემიგრაციო კანონზე. რაც შეეხება ქართული მიწის უცხოელებზე არგაყიდვის საკითხს, ეს მუხლი კონსტიტუციაში შეიტანეს, ხოლო ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და შეტანილია პარლამენტში, შეჩერებულია გარკვეული დროის განმავლობაში. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას შეეხებოდა, ამაზე პასუხი არ მიგვიღია. იცით, რომ ამ კვირაში არჩევნებია და “ქართულმა მარშმა” გადაწყვიტა, რომ არჩევნების მიმდინარეობისას არ არის მიზანშეწონილი, რომ რაიმე საპროტესტო აქცია გავმართოთ, რადგანაც მთელი ყურადღება აქეთკენ არის გადატანილი. ამიტომ, ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე, არჩევნების დამთავრებისთანავე, დავიწყებთ მძლავ საპროტესტო მოძრაობას იმ დანარჩენი მოთხოვნების შესასრულებლად, რომლებიც წავუყენეთ მთავრობას,” – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში “ქართული მარში” გააკეთებს სპეციალურ განცხადებას არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, რადგანაც თვლიან, რომ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, სადაც შედეგი წინასწარ არის დაწერილი, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს:

“მოვუწოდებთ მთელ მოსახლეობას, რომ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა და გამოაცხადოს ბოიკოტი, რითიც დავანახებთ მთელს მსოფლიოს ჩვენს პროტესტს საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც არ იძლევა იმის შანსს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიაღწიონ წარმატებას.”

კითხვაზე, თუ მოსახლოებას ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, მაშინ რატომ არის არჩევნების მიმდინარეობისას სასიკვდილო შიმშილობის და მთავრობის წინააღმდეგ ხმაურიანი აქციების დაწყება მიზანშეუწონელი, სანდრო ბრეგაძე გვპასუხობს:

“როცა ჩვენ ბოიკოტზე ვსაუბრობთ, ეს არის, პირველ რიგში, ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული აქცია, რადგანაც ჩემთვის, მაგალითად, უფრო პროსახელისუფლებო პოზიცია არის ის პოზიცია, რომელიც გააჩნიათ, თუნდაც თბილისის მერობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. მე ვსვამ კითხვას: თუ შენ იცი, რომ ვერ გაიმარჯვებ არჩევნებში, მაშინ რატომ ხარჯავ თანხას და ადამიანურ რესურსს და რატომ იღებ არჩევნებში მონაწილეობას? ეს ხომ არ არის ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობაა მთავარი და არა გამარჯვება… არჩევნებში იღებ მონაწილეობას იმისთვის, რომ შენ გაიმარჯვო. ფაქტობრივად, გამოდის, ის კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვებაში შანსი არ აქვთ და არჩევნებში იღებენ მონაწილეობას მხოლოდ იმისათვის, რომ შემდგომში ხელისუფლებას ევაჭრონ და სარგებელი ნახონ. სხვა არანაირი ლოგიკა არსებობს იმაში, თუ რატომ იღებენ არჩევნებში მონაწილოებას იმ პირობებში, როცა ყველამ იცის, რომ წააგებენ.”

სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” აქციები ყველაზე მეტად ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მათი აქტიურობის გამო მოსახლეობა იძულებული ხდება მაინც მივიდეს არჩევნებზე და ისევ “ქართულ ოცნებას” დაუჭიროს მხარი.

“როდესაც ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად წარმოჩენილია ენმ, ამ პირობებში, ყოველთვის გამარჯვებული დარჩება ხელისუფლება, რადგანაც ხალხი დგება არჩევანის წინაშე – თუ არ ავირჩიეთ დღევანდელი ხელისუფლება, მაშინ ნაციონალები დაბრუნდებიან და იმის შიშით, რომ ნაციონალები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ხალხი მხარს უჭერს არსებულ მთავრობას. ეს პრაქტიკა ჩვენ გვქონდა წინა არჩევნებზეც – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ქართლი ოცნების” წარმატება ძირითადად განაპირობა იმან, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყო წარმოჩენილი ერთადერთ ოპოზიციურ ძალად. დღესაც იმავე ფაქტთან გვაქვს საქმე; თუ ენმ იქნება წარმოჩენილი ერთადერთ ოპოზიციურ ძალად, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების გამარჯვება არის გარანტირებული,” – ამბობს ბრეგაძე.

ენმ-ის გარდა, საპროტესტო აქციებს სექტემბრის შუა რიცხვებიდან მართავს “პატრიოტთა ალიანსიც”, რომლის პროტესტსაც “ქართველთა მარში” სოლიდარობას უცხადებს, თუმცა სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის პარტიის მიერ დაწყებულმა შიმშილობამ გაცილებით რადიკალური შიმშილობის დაწყებას ხელი შეუშალა, ხოლო ხელისუფლებას საშუალება მისცა, შიმშილობის აქციები გაეუფასურებინა.

“მათ [პატრიოტთა ალიანსმა] დაგვასწრეს და უფრო ადრე გამოაცხადეს შიმშილობა, შეიძლება ასე ითქვას. ვფიქრობდით, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ბევრად უფრო ქმედითი და რადიკალური ღონისძიებებით იქნებოდა დაკავებული, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მათმა შიმშილობამ ვერ მიიღო ის სახე, როგორიც უნდა მიეღო. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით ამაში. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ამან შეგვიშალა ხელი, რათა ჩვენი მძლავრი და რადიკალური პროტესტი არ დაგვეწყო იმიტომ, რომ ორ ადგილას ერთდროულად ერთი და იმავე მოთხოვნებით აქცია, ფაქტობრივად, აზრს კარგავდა. ამავე დროს, ხელისუფლებას მისცა იმის საშუალება, რომ გაეუფასურებინა შიმშილობის აქციები. მე დღესაც სოლიდარული ვარ “პატრიოტთა ალიანსის” აქციისა, მაგრამ ვერ ვხედავ მათგან რეალურ ქმედებებს და ნაბიჯებს იმისათვის, რომ ის მოთხოვნები შესრულდეს, რომელიც მათ წაყენებული აქვთ,” – განუცხადა ნეტგაზეთს სანდრო ბრეგაძემ.

სანდრო ბრეგაძე უფრო მეტსაც ამბობს – მისი თქმით, ე.წ. ქართველთა მარშს სურვილი ჰქონდა, რომ მათი და “პატრიოტთა ალიანსის” შიმშილობის აქციები გაერთიანებულიყო და ერთიანი ფრონტით შეეტიათ ხელისუფლებისთვის: “მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან [პატრიოტებისგან] არანაირი ინიციატივა წამოვიდა და ვიწროპარტიულ ჩარჩოში დატოვეს ეს აქცია, რამაც გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი.”


 

  • 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდებოდა.
  • 17 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შიმშილობის აქცია დაიწყო, მათი რაოდენობა კი დღითიდღე მცირდებოდა.
  • 20 სექტემბერს ე.წ. ქართველთა მარშმა ხელისუფლებას 1 ოქტომბრამდე შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მაჰათმა განდის შემდეგ, ყველაზე მასობრივი სასიკვდილო შიმშილობის დაწყება დააანონსა. შვიდივე მოთხოვნა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
  • 29 სექტემბერს ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებზე მიწის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს აპროტესტებდნენ, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიაც. მათი მორიგი აქცია საკრებულოს შენობასთან კიდევ ერთხელ გაიმართა, როცა ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულ კომპანიას საკრებულომ მიწა დაუკანონა, ხოლო პოლიციამ მოქალაქეები და პარლამენტარები შენობაში არ შეუშვა. ნაციონალურმა მოძრაოაბამ საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისის მერიასთან და ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გააპროტესტა. ენმ-ის აქციებზე პარტიის არაერთი მხარდამჭერი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი