აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი 86,09% -ით იმარჯვებს

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 86%-ით იმარჯვებს. არჩევნების წინასწარი შედეგები აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა გამოაცხადა. ოფიციალური შედეგები კი არჩევნებიდან 11 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.

მეორე ადგილზე 3,4%-ით ოპოზიციის კანდიდატი ჰუდრატ ჰასანგულიევია. მესამეზე –  სარდან ჯალალოღლუ 2,97%-ით. კანდიდატმა ჰაფიზ გაჯიევმა კი, რომელმაც თავისი ხმა ილჰამ ალიევს მისცა, ხმების 1,51% დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნებზე რვა კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

ამომრჩეველთა აქტივობამ, ოფიციალური მონაცემებით, 74,51% შეადგინა.

აზერბაიჯანის ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, რდგანაც არჩევნები “საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევებისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ფონზე გაიმართა”.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, აზერბაიჯანში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს, 2025 წლამდე კვლავ ქვეყნის ლიდერი იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით, რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კიდევ უფრო ძლიერდება.

ამავე თემაზე:

რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზინდეტო არჩევნები ექვსი თვით ადრე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი