მაღლაფერიძე Freedom House-ის ანგარიშზე

“მე მაქვს პრეტენზია და მენეჯმენტის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს 1-ლი არხის თანამშრომლები სრულიად თავისუფალნი არიან”, – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა ფრიდომ ჰაუსის კრიტიკულ ანგარიშთან დაკავშირებით. მაღლაფერიძის კომენტარს 1tv ავრცელებს.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება

“ამ ინფორმაციაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ 2017 წელს საქართველოში ისეთივე მდგომარეობა იყო [მედიის მხრივ], როგორც 2009, 2010 2011 და 2012 წლებში. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ [ყველა] ვისაც საქართველოს გვერდით გაუვლია, ამ ინფორმაციას არ დაიჯერებს. 2017 წლის შედარება იმ პერიოდთან, როდესაც აღარ ვიტყვი, რა მდგომარეობაში იყო მედია, აღარ გავიხსენებ იმ დარბევებს, აღარ გავიხსენებ, მე რომ მკითხო, კიდევ უფრო სამარცხვინო იმ ანტენების დაჭრას და ა.შ. გავიხსენოთ, როგორ გადასცემდნენ ძირითადი მედიასაშუალებები ერთი და იგივე ინფორმაციას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ 2017 წელსაც იგივე [მდგომარეობაა], ის უბრალოდ ან არაკომპეტენტურია, ან შეცდომაშია შეყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ საპატივსაცემო ორგანიზაციაა”, – აცხადებს მაღლაფერიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com