საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის გზას დაადგა.
Freedom House-მა გამოაქვეყნა Nations in Transit-ის (გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების) 2024 წლის ანგარიში, რომელიც აფასებს მოვლენებს 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ყოველწლიური ანგარიში Nations in Transit ზომავს დემოკრატიული მმართველობის დონეს 29 ქვეყანაში — ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე.
რეიტინგი ეფუძნება 1-დან 7-მდე სკალას, სადაც 7 წარმოადგენს დემოკრატიული პროგრესის უმაღლეს დონეს, ხოლო 1 – ყველაზე დაბალს.
ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიის ქულა (3,04) უცვლელია. ევრაზიის რეგიონში დემოკრატიის ყველა მაღალი ქულა (3,43) უკრაინას აქვს, დაბალი (1) — თურქმენეთს. უკრაინის გარდა, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი რეგიონში აქვთ სომხეთსა და მოლდოვას.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის შეფასებით, საქართველო უწინდებურად რჩება ტრანზიტული და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში (3.01-დან–4 ქულამდე), Freedom House-ის შეფასებით, ქვეყანა ნახევრად კონსოლიდირებული ავტოკრატიული რეჟიმისკენ (2,01-დან 3 ქულამდე) იხრება.
„ანგარიშის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ავტოკრატიზებული ჰიბრიდები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლებად საქართველო, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებად ქცევის გზას ადგანან. საკვანძო ინსტიტუტები — მედიიდან სასამართლომდე — გასცდა პოლიტიზაციის დონეს, რომელიც დამახასიათებელია ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციებისთვის და ახლა, ფაქტობრივად, მმართველი პარტიების მიერ პარტიული ან პირადი ინტერესებისთვის გამოიყენება“, — ნათქვამია ანგარიშში.
Freedom House-ის ანგარიშში საუბარია უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოში სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების მცდელობებზე. ამ კონტექსტში ნახსენებია, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მსგავს საფრთხეს თავი აარიდა 2023 წლის მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზაციამ და საერთაშორისო ზეწოლამ მთავრობა აიძულა, უკან წაეღო რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი. გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიში 2023 წელს მოიცავს, მასში ვერ მოხვდა კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, რაც სავარაუდოდ, გააუარესებდა საქართველოს შედეგს.
„როცა შინაური და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმაოდ ძლიერია, ეს ქვეკატეგორია — ჰიბრიდული რეჟიმები — შეიძლება აიძულო, დათმობაზე წავიდეს კონკრეტულ საკითხებზე, როგორც მოხდა საქართველოს შემთხვევაში 2023 წლის მარტში.
ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმისგან განასხვავებს შეკრების თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ის ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად“, — ნათქვამია ანგარიშში.
Freedom House-ის მოწოდებაა, ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს, უახლოვდებიან რა სრულად ავტორიტარული მმართველობის სტილს, საერთაშორისო თანამეგობრობა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსად მოექცეს, მათ შორის, განიხილონ სანქციების დაწესება.