ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი კვლავ გაუარესდა – Freedom House

24 მაისი, 2023 • 644
საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი კვლავ გაუარესდა – Freedom House

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი კვლავ გაუარესებულია.

Nations in Transit-ის (გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების) წლიური ანგარიშით Freedom House ზომავს დემოკრატიული მმართველობის დონეს ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, 29 ქვეყანაში. ახალი ანგარიში აფასებს მოვლენებს 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველო, წინა წლების ანგარიშების მსგავსად, ტრანზიტული და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში ხვდება. თუმცა საქართველოს დემოკრატიის ქულა წინა წელთან (3.07) შედარებით გაუარესებულია და 3.04-ს შეადგენს.

ქვეყნებში დემოკრატიის მაჩვენებელი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობა,
  • საარჩევნო პროცესი,
  • დამოუკიდებელი მედია,
  • ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა
  • სამოქალაქო საზოგადოება,
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა,
  • კორუფცია.

რეიტინგი ეფუძნება 1-დან 7-მდე შკალას, სადაც 7 წარმოადგენს დემოკრატიული პროგრესის უმაღლეს დონეს, ხოლო 1 – ყველაზე დაბალს.

Freedom House-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესდა და მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე დაეცა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მრავალწლიანი ტენდენციის გაუარესების გამო“.  ამის ერთ-ერთ მაგალითად ანგარიშში  მოყვანილია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მედიაგარემო სულ უფრო  პოლარიზებული და პოლიტიზებული ხდება, რაც ძირს უთხრის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

„ჟურნალისტების უსაფრთხოება, ცენზურა და თვალთვალის მცდელობები, მედიასაშუალებების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ხმების ჩახშობა იყო წლის განმავლობაში წამოჭრილი მთავარი შეშფოთების საგანი“, – ვკითხულობთ Freedom House-ის ანგარიშში.

Freedom House-ის შეფასებით, საჯარო ინფორმაციაზე მედიის დაბალი ხელმისაწვდომობა საქართველოში კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენციაა, რაც „აფერხებს მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და მედიის შესაძლებლობას, რომ გააშუქოს“.

Freedom House-ის თანახმად, სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ შემცირდა და 2022 წლის ბოლოსთვის საზოგადოების სკეპტიციზმა მმართველობის მიმართულებაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე პარტიული სისტემით იმედგაცრუებამ, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნებით“, პიკს მიაღწია.

Freedom House-ის შეფასებით, მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციის გარდა, 2022 წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო დონით, „მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ“. მათივე შეფასებით, ამავე წელს ასევე იყო პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევები.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ფიქსირდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევისას დაუსჯელობა, ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროება შრომისა და გარემოსდაცვით საკითხებში.

„ევროპის საბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ გამოკვეთა სხვადასხვა კრიტიკული სფეროები, ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების მიმართ გავრცელებული დისკრიმინაციის ჩათვლით, როგორც ონლაინ, ისე პირადად; ადამიანის უფლებების დარღვევის დაუსჯელობის აღქმა ან რეალური შემთხვევები“, – ვკითხულობთ Freedom House-ის ანგარიშში.

Freedom House-ის ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს მდგომარეობა უკრაინაში მიმდინარე ომის ჭრილშიც. Freedom House-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში უკრაინის მხარდაჭერა საოცრად ძლიერი იყო, მთელი წლის განმავლობაში მთავრობის მხარდაჭერის ხარისხი განხილვის საგანი იყო როგორც მოქალაქეების, ისე — არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს შემცირდა „ქართული ოცნების“ მიერ კრიტიკის მიმღებლობა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორებისგანაც. აქვე ანგარიშში მოყვანილია დასავლეთის მიმართ მმართველი პარტიის ბრალდებები „საქართველოს ომში ჩათრევასთან“ დაკავშირებით. ამასთან, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციას „ომის პარტიად“ დასახელებამ უარყოფითად იმოქმედა დემოკრატიულ მმართველობაზე.

Freedom House-ის თანახმად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მედიის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან დისკრედიტაცისა და დელეგიტიმაციას სამიზნეს წარმოადგენდნენ.

ანგარიშში მოხვდა კანონი „უცხოური გავლენის აგენტებზეც“. Freedom House-ის შეფასებით, ამან შექმნა შემაშფოთებელი პრეცედენტი სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შეზღუდვის მცდელობისა.

„მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმებისას, არალიბელარულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, წლის განმავლობაში, ხილვადობა და ცნობადობა მოიპოვეს“, – ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა მიხეილ სააკაშვილიც. Freedom House-ის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულმა ქმედებამ საერთაშორისო აქტორებში გააჩინა შეშფოთება საქართველოში ბრალდებულთა ჯანმრთელობის დაცვისა და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს უფლებებთან დაკავშირებით.

„ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივმა დევნამ, გამოიწვია შეშფოთება შესაძლო პოლიტიკური შურისძიების, კონფიდენციალურობის დარღვევის, და სასამართლო სისტემის უნარის, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქვეყნების დემოკრატიის ქულის ისტორია 2013 წლიდან 2023 წლამდე Freedom House-ის მიხედვით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი