აშშ-ის სანქციები – რუსმა მილიარდერებმა ერთ დღეში $16 მილიარდი დაკარგეს

9 აპრილს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება, ჯამში, 16 მილიარდი დოლარით შემცირდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები გახდა.

Bloomberg Billionaires Index-ით ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს რუს მილიარდერ ვლადიმირ პოტანინს. ფინანსური ზარალის ოდენობა, Norilsk Nickel-ის პრეზიდენტის შემთხვევაში, 2.25 მილიარდ დოლარს აღწევს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალმა 2017 წელს 9.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 1.37 მილიარდი დოლარით შემცირდა Lukoil-ის ხელმძღვანელ ვაგიტ ალეგპეროვის ქონება. ალუმინის მწარმოებელი რუსული კომპანიის “რენოვა ჯგუფის” უფროსის, ვიქტორ ვეკსელბერგის ქონება 1.28 მილიარდი დოლარით შემცირდა.  ვეკსელბერგი ერთ-ერთია იმ შვიდი რუსი ოლიგარქიდან, რომლებსაც გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სანქციების შედეგად, რუსეთის საფონდო ბირჟაზე (MOEX Russia) აქციების ფასი ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე მეტად, დაახლოებით 8%-ით დაეცა. აქციების გარდა, სანქციები რუსულ რუბლზეც აისახა და შედეგად რუბლი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის, 6 აპრილს შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო 7 რუს ოლიგარქს, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან არიან დაკავშირებულნი, და მათ მფლობელობაში არსებულ 12 კომპანიას. სანქციები რუსი ოლიგარქებისთვის აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვას ითვალისწინებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.