ახალი ამბები

ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა

22 იანვარი, 2024 • 805
ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. საბჭოზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

რუსეთის ახალი ამბების სააგენტო TASS-ის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრინდა და “არამეგობრული სახელმწიფოების გვერდის ავლით”, 12 საათსა და 45 წუთში დაფრინდა აშშ-ში.

რუსეთის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ლავროვის თანმხლები ჟურნალისტებისთვის გადაადგილების საშუალება 25 მილით შემოუსაზღვრავთ, განსხვავებით სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს ვიზიტისგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საბჭოს სხდომის გარდა, ლავროვი ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ კონკრეტდება ამ შეხვედრების არც მონაწილეები და არც შინაარსი. ლავროვის ვიზიტი ნიუ-იორკში 24 იანვრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი