07.07.2017 დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე, ჰამბურგში ფოტო:MICHAEL KLIMENTYEV / SPUTNIK / K

აშშ-მა რუს ოლიგარქებსა და მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან არიან დაკავშირებულნი და მათ მფლობელობაში არსებულ 12 კომპანიას სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებსაც შეეხოთ.

ეს ინფორმაცია, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დღეს, 6 აპრილს გაასაჯაროა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები რუსეთის მთავრობის 17 წევრს და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ იარაღით მოვაჭრე კომპანიას “Rosoboronexport”  შეეხება, რომელიც სირიასთანაა კავშირში და რუსეთის ფინანსური კორპორაციის ბანკისგან სუბსიდირდება:

“რუსი ოლიგარქები და ელიტები, რომლებიც სარგებელს კორუფციული სისტემიდან იღებენ, ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას საკუთარი მთავრობის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე” – ვკითხულობთ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივნის განცხადებაში, რომელშიც ხაზია გასმული რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასა და რუსეთის მიერ სირიაში ასადის რეჟიმის მხარდამჭერ ქმდებებზე.

სანქციები ეხება რუს ოლიგარქებს, მათ შორის, კირილ შამალოვს, რომელიც ვლადიმერ პუტინის შვილზეა დაქორწინებული; ოლეგ დერიპასკას, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირს, ვის წინააღმდეგაც გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარეობდა; სულეიმან ქერიმოვს.
ასევე, გაიყინება რუსეთის მაღალი თანამდებობის 17 პირის აქტივები. მათ შორის არიან ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ვლადიმერ კოლოკოლცევი, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, და ევგენი შკოლოვი – პუტინის მრჩეველი.
კომპანიებს შორის კი, რომლებსაც აშშ-ის სანქციები დაეკისრება, მოხვდა GAZ Group, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მწაროებელი კომპანია. ასევე, “Russian Machines”და “Renova Group”.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.