გუდაურის საბაგიროზე დაშავებულ უკრაინის მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა

გუდაურის სამთო კურორტის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად  ერთ-ერთ დაშავებულს, უკრაინის მოქალაქეს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ღუდუშაურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათთან სულ ხუთი დაშავებული იმყოფება, აქედან ოთხ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებიათ. ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კლინიკაში მკურნალობას 8 ადამიანი გადის. დაშავებულებს შორის უკრაინის, რუსეთის და შვედეთის ერთი მოქალაქეა.

გუშინ, 16 მარტს, შუადღისას, გუდაურის სამთო კურორტის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.