ახალი ამბები

“-15℃ ყინვაში ყოფნა მარტივი არაა“ – რას ჰყვება მგზავრი გუდაურში გაჩერებული საბაგიროდან

16 იანვარი, 2024 • 2010
“-15℃ ყინვაში ყოფნა მარტივი არაა“ – რას ჰყვება მგზავრი გუდაურში გაჩერებული საბაგიროდან

გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე საბაგირო ავარიულად გამოირთო და ადამიანებს, რომლებიც იმ დროს გონდოლაზე იმყოფებოდნენ, ძლიერ ყინვასა და ქარში გარკვეული პერიოდის გატარება მოუწიათ. მოგვიანებით ისინი მაშველებმა მიწაზე თოკებით ჩამოიყვანეს.

შემთხვევა 13 იანვარს მოხდა.

გაჩერებულ საბაგიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა გუგა სიხარულიძეც, რომელიც ნეტგაზეთთან მომხდარს იხსენებს.

„შაბათს გუდაურში ვსრიალებდით მეგობრები ერთ-ერთ ბილიკზე – ტატრაზე. დაახლოებით 12:00 ან 13:00 საათი იქნებოდა, როცა  ამ ბილიკის გონდოლაზე გავიჭედეთ. თითქმის შუაში რომ ვიყავით ასულები, დენი გამოირთო.

ალბათ, 20 კაცამდე იქნებოდა გაჭედილი ჩვენს გონდოლაზე, სხვა გონდოლებზე რამდენი იყო, არ ვიცი. დენის გამორთვის შემდეგ გუდაურის მთავარი გონდოლა ცოტა ხანში ჩართეს და 1 წრე გააკეთებინეს, რომ ის ხალხი, ვინც იყო მასზე, ჩამოსულიყო. ჩვენი გონდოლის დაქოქვა 2-3-ჯერ სცადეს და მერე გაირკვა, რომ საერთოდ ვეღარ დაიქოქებოდა და შემდეგ გადაწყვიტეს [თოკით] ჩამოყვანა ადამიანების. ალბათ, რაღაც დაეწვა და ამიტომ აღარ დაიქოქა“, – იხსენებს გუგა სიხარულიძე.

როგორც გუგა სიხარულიძე ამბობს, საბაგირო დაახლოებით 3 საათით იყო გაჩერებული და ამ დროის განმავლობაში მათთან არავინ მისულა, რომ  ინფორმაცია მიეწოდებინა ან შესაბამისი დახმარება შეეთავაზებინა ძლიერ ყინვაში დარჩენილი ადამიანებისთვის.

“ძლიერი ყინვა იყო და ზოგს შესაბამისი ეკიპირებაც არ ჰქონდა. ელემენტარულად უნდა მოსულიყვნენ და ამოეგდოთ მაინც შესაბამისი ხელთათმანები ან თუნდაც ჩაი… 3 საათი ქარში და -15 გრადუს ყინვაში ყოფნა მარტივი არაა. ბავშვი რომ ყოფილიყო ჩვენთან ერთად, შეიძლება ცუდად გამხდარიყო“, – ამბობს გუგა სიხარულიძე.

გუგა სიხარულიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მათთან არავინ გამოჩენილა, პოლიციაში დარეკეს, სადაც უთხრეს, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა საბაგიროზე დარჩენილებთან დასახმარებლად თითქმის 3 საათის შემდეგ გამოჩნდნენ.

“მეგობრის მამამაც დარეკა სამაშველოში, მაგრამ არავის მოუქცევია განსაკუთრებულად ყურადღება. მაშველები დაახლოებით 2 საათ-ნახევრით გვიან მოვიდნენ. მანამდე არავინ მოსულა, არც პოლიცია… -15 გრადუსი და ქარი იყო.  მაშველებმა გვითხრეს, რომ გვიან გაგვაფრთხილესო“, – ამბობს გუგა სიხარულიძე.

როგორც გუგა სიხარულიძე ამბობს, რამდენიმე საათით ყინვასა და ქარში გაჭედილ ადამიანებს საბაგიროდან ჩამოსვლის შემდეგაც არ შესთავაზეს დახმარება.

„მაშველებმა რომ მოგვხსნეს გონდოლიდან, გვითხრეს, რომ ქვემოთ კაფეში საჭმელი იქნება უფასო მათთვის, ვინც გონდოლაზე იყო გაჭედილი, რომ გათბეთ, ჭამოთ და სული მოითქვათო. ამ კაფეშიც რომ ჩავედით, გვითხრეს, რომ არ ვიცით, რაზე საუბრობთ და სამაშველო ჩვენთან არაფერ შუაშიაო.

70-ლარიანი სკიპასები [ საბაგიროს ბილეთები] გვქონდა ნაყიდი იმ 1 დღეზე. მეორე დღეს ვიკითხეთ, რომ რადგან წინა დღით 3 საათით გავიჭედეთ, მეორე დღეს თუ გვეკუთვნოდა უფასოდ, ამაზეც გვითხრეს, რომ არც რაიმე შეღავათი და არც უფასოდ არააო“, – ამბობს გუგა სიხარულიძე.

მომხდართან დაკავშირებით ნეტგაზეთი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საბაგიროდან ადამიანების ჩამოყვანაში არა მათი, არამედ „მთის ტრასების სააგენტოს“ მაშველები იყვნენ ჩართული.

სწორედ „მთის ტრასების სააგენტო“ (წარსულში „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს 4 მთის კურორტზე, მათ შორის გუდაურში. როგორც ნეტგაზეთს სააგენტოში განუცხადეს, 13 იანვარს გუდაურში საბაგიროს ელექტროენერგიის მიწოდება ძლიერი ქარის გამო ჰქონდა შეჩერებული.

ამასთან, სააგენტოში ხაზგასმით ამბობენ, რომ  გუდაურის საბაგიროს აღნიშნულ ხაზს ტექნიკური პრობლემა არ აქვს და ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

რაც შეეხება გაჩერებული საბაგიროდან ადამიანების ჩამოყვანის პროცესს, სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მათი „ჩამოყვანა პროტოკოლის გათვალისწინებული ნორმებით მოხდა“ და საათსა და 45 წუთში მთელი საბაგიროს ხაზი მგზავრებისგან დაცლილი იყო.

„რაც მოხდა, მართლაც კატასტროფა იყო“

„რაც მოხდა [საბაგიროს გამორთვა], მართლა კატასტროფა იყო“, – ეუბნება ნეტგაზეთს სასტუმრო  „ბესთ ვესტერნ გუდაურის“ მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი.

გიორგი კვიწინაშვილის თქმით, მას არ ახსენდება, რომ გუდაურში დღისით საბაგირო ამდენი ხნით ყოფილიყოს გამორთული.

„ზოგადად, შუქის წასვლას რაც შეეხება კურორტზე, მთელი ზაფხულის სეზონი მიმდინარეობდა ძველი ბოძების განახლება და პრაქტიკულად, მთელი ზაფხული დენი არ გვქონია ამის გამო. ახლა, ზამთრის პერიოდშიც ღამით ძალიან ხშირია შუქის წასვლა, მაგრამ ეს იმ დღეებს ემთხვევა, როცა ძალიან ძლიერი ქარი და დიდი თოვლია ხოლმე.

ეს რაც მოხდა [საბაგიროს გამორთვა], მართლა კატასტროფა იყო. იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, ყინავდა და ძალიან დიდი დისკომფორტი გამოიწვია სტუმრებში“, – ამბობს გიორგი კვიწინაშვილი.

როგორც გიორგი კვიწინაშვილი ამბობს, იშვიათადაა ისეთი შემთხვევა, რომ საბაგიროს გამორთვის მიზეზი მისი მწყობრიდან გამოსვლა გახდეს.

„დღის მანძილზე ხანდახან საბაგიროები ჩერდებიან, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ რაიმე ტექნიკური პრობლემა აქვთ, ხანდახან ეს ხდება ქარის სენსორის გამო, როცა ძალიან ძლიერი ქარია, ავტომატურად აჩერებს საბაგიროს, ხანდახან ვიღაც საბაგიროზე დაჯდომის ან გადმოსვლის დროს წაიქცევა… ამიტომ, ისე, რომ რაიმე ტექნიკური წუნის გამო ჩერდებოდნენ საბაგიროები ხშირად, ასეთი რამ ნამდვილად არაა“, – ამბობს გიორგი კვიწინაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი