საზოგადოება

“ემიგრაციაში ვბრუნდები” – პარაპლანისტები ფრენების აღდგენას ითხოვენ

3 თებერვალი, 2023 • 3078
“ემიგრაციაში ვბრუნდები” – პარაპლანისტები ფრენების აღდგენას ითხოვენ

6 თვე გავიდა, რაც გუდაურის ავიაკატასტროფის შემდეგ საქართველოში პარაპლანით ფრენები აიკრძალა.

ექვსთვიანი უმუშევრობის შემდეგ ქართველი პარაპლანისტები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე – როდის შეძლებენ ფრენების აღდგენას.

პარაპლანისტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემუშავებისა და შემოღების პროცესი მოსალოდნელზე მეტად გაიწელა, რის გამოც მრავალთვიანი დუმილის შემდეგ გასულ კვირას გუდაურში საპროტესტო აქციაც გამართეს.

“ემიგრაციიდან პარაპლანის გამო დავბრუნდი, ახლა ისევ მივდივარ”

ლევან ჩოხელმა პარაპლანით ფრენა ესპანეთში 2018 წლის ზაფხულში მეგობრის რჩევით ისწავლა, წლის ბოლოს კი საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა და საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია.

ლევანი გვიხსნის, რომ პარაპლანი ძვირადღირებული სპორტია. მისი შესწავლა და ეკიპირების შეძენა პილოტს რამდენიმე ათასი ევრო უჯდება. ინსტრუქტორის შემთხვევაში ეს ხარჯები კიდევ უფრო იზრდება, თუმცა მუშაობის დაწყების შემდეგ მაღალშემოსავლიანიცაა.

სწორედ ამ შემოსავლის წყალობით მოახერხა ლევანმა საქართველოში დაბრუნება და, როგორც თავად ამბობს, ემიგრაციაში წასვლას აღარც გეგმავდა, თუმცა ექვსთვიანი უმუშევრობის და გაურკვევლობის შემდეგ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნება გადაწყვიტა:

“ეს სპორტი რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად საზღვარგარეთ დავრჩებოდი. ახლა ოჯახი უკვე წავიყვანე უცხოეთში, მე რაღაც დარჩენილი საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვედი, მოვაგვარებ და მეც წავალ.

რთულია ამ პირობებში ოჯახის შენახვა. პარალელურად ვეძებდი სამსახურს, მაგრამ 800-1000 ლარით ოჯახს ვერ შევინახავ. შრომა არ მეზარება, უბრალოდ არ არის ისეთი სამსახური, რომ მიღირდეს აქ დარჩენა”, – ამბობს ლევანი.

მას არ აქვს იმედი, რომ პარაპლანით ფრენები ამ ტურისტულ სეზონზე აღდგება, თუმცა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციებს დროულად შემოიღებენ, ყოველთვის მზად არის დაბრუნდეს საქართველოში, მიიღოს შესაბამისი ქართული ლიცენზია და გააგრძელოს საყვარელი საქმიანობა:

“უცხოეთში შეიძლება სხვა რამეზე იმუშაო, მეტი შემოსავალი გქონდეს, მაგრამ მარტო ფულზეც არაა, მინდა ისეთი საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს”, – ამბობს ის.

პარაპლანით ფრენის აკრძალვამ შემოსავლის გარეშე დატოვა არა მხოლოდ პარაპლანით მფრინავები, არამედ ამ სფეროში ჩართული სხვა ადამიანებიც. “გუდაური პარაგლაიდინგის” ხელმძღვანელი, ალექსანდრე წამალაიძე გვეუბნება, რომ მის კომპანიაში პარაპლანის 20-მდე პილოტი და დამატებით 40-50 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ნაწილიც ასევე ემიგრაციის გზას დაადგება, თუ ფრენები არ აღდგება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა არ რეგულირდებოდა, მისი თქმით, “გუდაური პარაგლაიდინგში” დასაქმებულ ყველა პილოტს ჰქონდა უცხოეთში აღებული ლიცენზია, რომელსაც სპეციალური გადამზადებების შემდეგ იძლევიან.

“ყველა პილოტს გვქონდა თანხა გადადებული, რომ წელიწადში ერთი-ორჯერ წავსულიყავით გადამზადებებზე. მე, როგორც კომპანიის წარმომადგენელს, ეს მოთხოვნა არ მქონია თანამშრომლებთან, მაგრამ ყველას თავად ჰქონდა ინიციატივა, რადგან საკუთარ სიცოცხლეს ეხება საქმე”, – განმარტავს ის და ამბობს, რომ სწორედ ამ გააზრებული რისკებიდან და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე პარაპლანისტები სფეროს დარეგულირებას უკვე წლებია ითხოვდნენ, თუმცა ამაზე სახელმწიფო ზაფხულში მომხდარ ავიაკატასტროფამდეც არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს.

“გუდაური პარაგლაიდინგი”

რას ითხოვენ პარაპლანისტები და რას გულისხმობს რეგულაციები

პარაპლანისტები აცხადებენ, რომ ამ სფეროს დარეგულირებას თავად ითხოვდნენ სახელმწიფოსგან რამდენიმე წლის განმავლობაში და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრებიც კი გაიმართა გასულ წლებში, თუმცა, უშედეგოდ.

ისინი განმარტავენ, რომ რეგულაციები, უსაფრთხოების ნორმებთან ერთად, სპორტის ამ სახეობის განვითარებასაც შეუწყობდა ხელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში პარაგლაიდინგი სპორტად არ არის აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მათ შორის, როგორც სფეროში მომუშავეები ამბობენ, ქართველი პარაპლანისტები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით ასპარეზობენ.

საქართველოში ამ სფეროს დარეგულირებაზე საუბარი ზაფხულში, გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.

ვერტმფრენი კლდეს შეჯახებული პარაპლანისტისა და მისი თანმხლები პირის გადასარჩენად მიდიოდა.

აღნიშნულის შემდეგ საქართველოში პარაპლანით ნებისმიერი სახის ფრენა აიკრძალა და რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო.

რეგულაციების თაობაზე პირველი შეხვედრა აგვისტოში გაიმართა. როგორც მისი მონაწილე პარაპლანისტები უყვებიან “ნეტგაზეთს”, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პირველ შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა უწყების უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, პარაპლანისტებს შესთავაზეს რეგულაციებზე მუშაობის ორი გზა:

  • თავად პარაპლანისტებს შეემუშავებინათ რეგულაციები და წარედგინათ შესაბამისი უწყებებისთვის
  • სახელმწიფო თავად დაიწყებდა რეგულაციებზე მუშაობას, თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა

პარაპლანისტების თქმით, აღნიშნული შეთავაზებიდან მათ პირველი გზა არჩიეს, რის შემდეგაც პარაგლაიდინგის ფედერაციამ საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყო. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე ეუბნება “ნეტგაზეთს”, რეგულაციების შემუშავების პროცესში ის კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.

მისი თქმით, უშუალოდ დოკუმენტის შესაქმნელად ფედერაციას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა, რის შემდეგაც სამინისტროს იურიდიულ ჯგუფთან ერთად დაიწყო ჩასწორების პროცესი, საბოლოოდ დოკუმენტი კი სახელმწიფო უწყებას დაახლოებით 10 დღის წინ გადაეცა.

დოკუმენტის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს:

  • კომერციული ფრენებისთვის სპეციალური ადგილები, რომელიც შეთანხმებული იქნება ავიაციის სააგენტოსთან.
  • პილოტების კვალიფიკაცია, რომელიც პროფესიული გამოცდების შედეგად ან უცხოეთში მიღებული მოწმობის საფუძველზე განისაზღვრება.
  • პარაპლანის გამართულობა, ფრთების ვარგისიანობა, მისი შემოწმების წესი.
  • საფრენად შერჩეულ ადგილებში დაინიშნონ ოპერატორები, ვინც გააკონტროლებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს პილოტი და მოწყობილობა შესაბამის პირობებს.

ირაკლი კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია როგორც რეგულარული კომერციული ფრენების, ასევე საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენების მოსაწესრიგებლად.

საბოლოო დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ პარაპლანისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი პარაპლანისტი, რომა მაისურაძე უყვება “ნეტგაზეთს”, მათ შეატყობინეს, რომ დოკუმენტი გამზადებული იყო, თუმცა უთხრეს, რომ ახლა ის უნდა გაგზავნილიყო “საერთაშორისო ავიაციის ფედერაციაში”, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პარაგლაიდინგის შეჯიბრებებს არეგულირებს და ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა.

როგორც რომა მაისურაძე განმარტავს, პარაპლანისტების გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია, რადგან მათთვის ეს უმუშევრად ყოფნის მინიმუმ კიდევ რამდენიმე თვეს ნიშნავს, ამასობაში კი ზამთრის სეზონი დასრულდება.

“6 წელია ამ რეგულაციებს ვითხოვთ. თავად გვინდოდა ამ ჩარჩოებში მოქცევა და გვეგონა მოვაგვარებდით ისე, რომ კომერციული ფრენები მაინც დაწყებულიყო ზამთრის სეზონზე.

ჩვენ სახელმწიფოს ყოველთვის მივყვებოდით. როცა გვითხრეს გაჩერდითო, გავჩერდით. რეგულაციებზე რომ დაიწყო საუბარი, ვუთხარით, რომ გავყვებოდით. ვიცოდით, რომ დრო დასჭირდებოდა ამას და ერთ კვირაში არ გაკეთდებოდა, მაგრამ ამდენი დრო არ უნდა სჭირდებოდეს. ბოლო-ბოლო სახელმწიფო კანონები შეიძლება შეცვალოს ვიღაცამ 10 დღეში.

ისიც ვუთხარით, რომ სეზონის დაწყებამდე თუ ვერ მოგვარდება ეს ყველაფერი, მაშინ ზამთარში საქმიანობას დავიწყებთ და პარალელურად თქვენ გაზაფხულამდე მაინც დაგვაწიეთ-მეთქი.  გვითხრეს, ყველანაირად ვეცდებითო. შემდეგ გვეუბნებოდნენ, ამ კვირის ბოლოს გეტყვით პასუხს, იქით კვირაში გეტყვით, და ამასაც მივყვებოდით. მაგრამ ვერ დავინახეთ მთავრობის მხრიდან ვერანაირი ნაბიჯები. არავის ეხალისება სიცივეში დგომა და აქციები, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩა”, – ამბობს რომა მაისურაძე.

პარაპლანისტების აქცია გუდაურში

სახელმწიფოს პოზიცია

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ახლა სამუშაო პროცესი და რა გზები უნდა გაიაროს დოკუმენტმა საბოლოო დამტკიცებამდე ,“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თუმცა სტატიის გამოქვეყნების მომენტში უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

როგორც გუდაურში მომუშავე პარაპლანისტები ამბობენ, გასულ კვირას, აქციის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეჰპირდნენ, რომ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე შეატყობინებენ. ამის შესახებ საუბარია მცხეთა-მთიანეთის მხარის  ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ პოსტშიც, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურად ტარდება”.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე დეტალების დაზუსტებას ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც შეეცადა, თუმცა, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე გასაუბრებას ვერავინ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი