ეკონომიკა

„გუდაურში სეზონი ჩავარდა“ — რისი გაკეთება შეიძლებოდა

27 იანვარი, 2023 • 11485
„გუდაურში სეზონი ჩავარდა“ — რისი გაკეთება შეიძლებოდა

ადგილობრივები ამბობენ, რომ სათხილამურო სეზონი გუდაურში, პრაქტიკულად, ჩავარდა. ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო კურორტზე ტურისტების ნაწილმა დეკემბერ-იანვარში სასტუმროს ჯავშნები გააუქმა. ამის ძირითადი მიზეზი უთოვლობაა. თუმცა გუდაურში მომუშავე ადამიანები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, კურორტი სეზონს მოუმზადებელი შეხდვა. 

უთოვლო სათხილამურო სეზონები ბოლო წლებში მხოლოდ გუდაურისთვის არ არის დამახასიათებელი. სულ უფრო ნაკლები თოვლი მოდის, მათ შორის, მსოფლიოს ცნობილ სამთო კურორტებზე. როგორც წესი, სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყენებენ სათხილამურო გზების ხელოვნურ გათოვლიანებას.

წელს, 11 და 13 იანვარს, აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით გუდაურში ორი ტრასა გაიხსნა, თუმცა, როგორც ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლები ამბობენ, ეს საკმარისი არ არის და რაც გაკეთდა, დაგვიანებული იყო, რამაც სეზონის ჩავარდნა გამოიწვია. ნეტგაზეთი მიზეზების გარკვევას შეეცადა. 

როგორ აისახება ადგილობრივ ბიზნესზე უთოვლო სეზონი

უთოვლობამ პრობლემები შეუქმნა გუდაურში მომუშავე სასტუმროებს, კაფე-ბარებს, სათხილამურო მომსახურების ცენტრებსა და სხვა ბიზნესობიექტებს, რომელთა შემოსავალიც ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

“ახალი ჯავშნები, ფაქტობრივად, სრულად გაუქმდა. მოლოდინი გვქონდა, რომ იანვარში მაინც მოვიდოდა თოვლი და ჯავშნებს შევინარჩუნებდით. სამწუხაროდ, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გაზაფხულია.

ასეთ დროს ტურისტიც, რა თქმა უნდა, არ ჩამოვა. თვალს ხომ ადევნებენ ამინდის პროგნოზებს, კამერებს და ვითარებას რომ ხედავენ, ჯავშნებს აუქმებენ. ვინც ჩამოსვლამდე ამინდის შესახებ არ იყო ინფორმირებული, ერთი-ორი დღე გაჩერდა და წავიდა ისევ ან თბილისში ან სხვაგან”, –  ნეტგაზეთს უთხრა აპარტოტელების ქსელ “ვისტა გუდაურის” მენეჯერმა რეზი კერვალიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, “ვისტა გუდაური” 55 ნომერს ფლობს, ამჟამად დაკავებულია 3-4 ნომერი. მისი განცხადებით, ასევე გაუქმდა მანამდე გაკეთებული ჯავშნების 70-80%.

კერვალიშვილის განცხადებით, იანვრის ჯავშნებთან ერთად ტურისტები აუქმებენ თებერვალში დაგეგმილ ვიზიტებსაც და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

“სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა. ახლა მხოლოდ შემდეგი თვეების იმედი გვაქვს, რომ ვითარება გამოსწორდება”, – ამბობს ის.

ფოტო: რეზი კერვალიშვილი/ 24 იანვარი

გაუქმებული ჯავშნების გამო ჰოსტელის დროებით დაკეტვა მოუწია მირანდა ესაკიას.

ის ჰოსტელთან ერთად გუდაურში ორ რესტორანს ფლობს, მათ შორის, “მთვრალ ალუბალს”, რომელიც სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით მისი ორი რესტორნის შემოსავალი ოთხჯერ ნაკლებია.

“წლევანდელი ეკონომიკური ზარალი გუდაურში ზოგი ბიზნესისთვის თითქმის პანდემიის პერიოდს უტოლდება.

ამის ფონზე ძალიან რთულია თანამშრომელთა შენარჩუნება. ჩვენთან ამჟამად მთლიანი შემადგენლობის მესამედი მუშაობს. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიური სეზონის დაწყებისას დაგვიბრუნდებიან, მაგრამ გარანტიაც არ მაქვს”, – ამბობს ის.

გუდაურში მომუშავე ინსტრუქტორების ერთ-ერთმა სკოლამ კი ტურისტების სიმცირის ფონზე გადაწყვიტა, რომ კომპანიის დეკემბრისა და იანვრის მოგების თანხა ინსტრუქტორებისთვის სრულად გაენაწილებინა.

თუმცა Vagabond Adventures-ის მფლობელის, ტეილორ ფერგიუსონის თქმით, ეს თანხა მაინც ვერ უტოლდება ინსტრუქტორების ანაზღაურებას, რომელსაც აქტიური სეზონის პერიოდში გამოიმუშავებენ.

ინსტრუქტორების სკოლასთან ერთად, Vagabond Adventures გუდაურში სრიალის და დასვენების მსურველ ტურისტებს სთავაზობს ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, გონდოლის ბილეთებით და სათხილამურო ეკიპირებით მომსახურებასაც.

“ბევრი ტურისტი გვწერს და გვეკითხება, რა ხდება გუდაურში და ჩვენ გვიწევს იმის თქმა, რომ ახლა ჩამოსვლა არ ღირს და უმჯობესი იქნება, მაგალითად, მარტში თუ ჩამოვლენ.

ზოგი თანახმაა, ძირითადად  ისეთი კლიენტები, ვინც დიდი ხანია უკვე ჩამოდის და იცნობს და უყვარს აქაურობა. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ ამ პერიოდში აქვთ დასვენებები და სხვა დროს ვეღარ მოახერხებენ.

ვინც პირველად ჩამოდის, მათი ნაწილი იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ მეტჯერ აღარ ჩამოვლენ და ისეთ ადგილას ამჯობინებენ წასვლას, სადაც მეტი თოვლი დახვდებათ. უბრალოდ, ზოგს ესმის, რომ ამინდი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

საერთო ჯამში, ბიზნესისთვის ფინანსურად ძალიან რთული ვითარებაა და ასევე, ინსტრუქტორებისთვის, ვინც ამ შემოსავალზეა დამოკიდებული”, — ამბობს ის.

ბიზნესის წარმომადგენლები შიშობენ, რომ შესაძლოა, წლევანდელმა ვითარებამ სამომავლოდ დააზიანოს გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის იმიჯი, რადგან ტურისტები საკუთარ დასვნებებს დიდი ხნით ადრე გეგმავენ და ამჯობინებენ ისეთ ადგილს, სადაც იციან, რომ თოვლი, მათ შორის, ხელოვნური გათოვლიანება დახვდებათ.

უთოვლობის გარდა რა პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივი ინსტრუქტორები ნახეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

უცხოელი ინსტრუქტორების შევიწროების მცდელობები გუდაურში, რეაგირების გარეშე

რისი გაკეთება შეიძლებოდა – ბიზნესმენების შეფასება

ნეტგაზეთის რესპონდენტები ამბობენ, რომ უთოვლობას კურორტი მომზადებული არ დახვდა. კერძოდ, მათი თქმით, გუდაურში ამჟამად გახსნილი ორი სასრიალო ტრასა საკმარისი არ არის ტურისტების მოსაზიდად და საჭიროა მეტი სათხილამურო ტრასის გახსნა. ამასთან, ტურისტებისთვის დამატებითი აქტივობების შეთავაზება, რის მეშვეობითაც სრიალის გარდა სხვაგვარად გართობასა და დასვენებას შეძლებენ.

“კურორტი რომ გეწოდოს, მხოლოდ თოვლი არ არის საკმარისი არამედ უნდა გქონდეს გაწერილი ღონისძიებებიც. მხოლოდ უთოვლობა არ არის გუდაურის პრობლემა. თოვლი არ იყო ალპებშიც, მაგრამ ხალხი მაინც მიდიოდა.

ჩვენთან არავითარი აქტივობა არ არის, რითაც ტურისტს მოიზიდავ. ეს არის როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მისახედი. ტურისტი რომ ჩამოდის, ხვდება ტალახი, არავითარი ღონისძიება, და მიდის აქედან გაუბედურებული”, – ამბობს მირანდა ესაკია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

გარდა დამატებითი ღონისძიებებისა, ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ისე მუშაობა, რომ უთოვლობის პირობებში სათხილამურო სეზონი არ ჩავარდეს.

“ჩვენ სეზონისთვის მზადებას რომ ვიწყებთ, ვიწყებთ კადრების მობილიზებას, მათი ხელფასების გათვლას და ა.შ.

სახელმწიფოს როლი ის არის, რომ გათოვლიანების სისტემა ისე მოაწყოს, რომ სეზონის გახსნა არ შეფერხდეს და მხოლოდ ბუნებრივ თოვლზე დამოკიდებული არ ვიყოთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივი თოვლი კარგია, მაგრამ დგება შემთხვევები, როდესაც თოვლი არ მოდის და ბიზნესი ამას მშვიდად უნდა შეხვდეს. ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, უბრალოდ ისეა მოწყობილი ხელოვნური გათოვლიანება, რომ არ ფერხდება მუშაობა”, – განმარტავს რეზი კერვალიშვილი.

ბიზნესის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ განსაკუთრებით ბევრი ტურისტის მობილიზება გუდაურში დასავლური შობის დღესასწაულის პერიოდიდან, 25 დეკემბრიდან, დაახლოებით, 15 იანვრამდე ხდება. დროის ამ მონაკვეთში კი მიმდინარე სეზონზე გუდაურში არც თოვლი და არც ხელოვნური გათოვლიანება არ ყოფილა.

“მთის ტრასების სააგენტომ” 2022 წლის 21 დეკემბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა ხელოვნურ გათოვლიანებასთან დაკავშირებით. მაშინ სააგენტო წერდა, რომ “გუდაურასა” და “პირველ” ტრასებზე თოვლის დაგროვება დაიწყეს და “იმედს იტოვებდნენ”, რომ კლიმატური პირობების გათვალისწინებით სასრიალო სეზონის დროულად გახსნას შეძლებდნენ. თუმცა მიმდინარე სეზონზე პირველად ტრასა “სნოუპარკი” 2023 წლის 11 იანვარს, მეორე “გუდაურა” კი ორი დღის შემდეგ გაიხსნა.

“ყველაზე დატვირთული პერიოდი არის ახალი წელი, შესაბამისად, ფასებიც უფრო მაღალია. უთოვლობის გამო წელს გუდაური სრულად ცარიელი იყო .

ძალიან რთული ვითარება იყო და რჩება ისევ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხელოვნურად გათოვლიანებით გაიხსნა ორი ტრასა, ამ პრობლემას მაინც ვერ შველის.

ამიტომ, ვფიქრობ, ამ ტრასის გახსნაც დაგვიანებული იყო. ახალ წელს უკვე უნდა ყოფილიყო ეს ტრასები, რადგან ხალხი შვებულებებს იღებს საახალწლოდ. განსაკუთრებით შობის შემდეგ ხდება ხოლმე შემოდინება და გუდაურში სტუმრებმა როგორც კი შეიტყვეს, რომ ტრასები არ მუშაობს, 80% ჯავშნებისა მაშინვე გაუქმდა”, – ამბობს “მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტი, გეგა სალუქვაძე.

მისი განმარტებით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ამის მაგალითად მას მოჰყავს ბაკურიანი, რომელიც 16 თებერვლიდან – 5 მარტამდე მასპინძლობს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს.

სალუქვაძე ამბობს, რომ თოვლი წელს ბაკურიანშიც არ მოვიდა, თუმცა ჩემპიონატის გამო იქ ხელოვნური გათოვლიანებით მოეწყო ტრასები, რის გამოც სასრიალო სეზონი არ ჩავარდნილა.

რაც შეეხება გუდაურს, სალუქვაძის თქმით, დეკემბრიდან გუდაურში ყინვები იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელოვნური გათოვლიანება უფრო ადრე მაინც არ დაიწყო.

“იმ ტრასებზე, რომელზეც ხელოვნური თოვლია, შეიძლება ითქვას, რომ მშვენივრადაა გაკეთებული. ამიტომ მე მეძლევა იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ეს სისტემა ძალიან ამართლებს და მნიშვნელოვანია, სხვა ტრასებზეც დაყენდეს, რადგან ორი ტრასა ძალიან ცოტაა. თუ ისეთი სისტემები დაგვემატება, როგორც ბაკურიანშია, მაშინ პრობლემა აღარ იქნება”, – განმარტავს სალუქვაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი შეფასებით, გუდაურში წლევანდელი ვითარება გავლენას მოახდენს სამომავლოდ ტურისტების მოზიდვაზეც, რადგან საქართველოს ჰყავს კონკურენტებიც, გუდაურს კი, შედარებით დაბალი ფასების გარდა, სასრიალოდ ხელსაყრელი ტრასების გამოც სტუმრობენ.

“ჩვენ უნდა ვიყოთ სრულად აღჭურვილი და მობილიზებული, რომ ტურისტმა იცოდეს, თოვლი თუ არ მოვა, მაინც შეგვეძლება შევთავაზოთ ხელოვნური თოვლი და ის ტყუილად არ გაატარებს საკუთარ შვებულებას”, – ამბობს სალუქვაძე.

რას გეგმავს სახელმწიფო

ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთის ტრასების სააგენტოს” დაუკავშირდა. 

სააგენტოს პრესსამსახურიდან მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია შესაბამისი კლიმატი. იმისთვის, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემებით სასრიალო ტრასები კარგი თოვლით დაიფაროს, საჭიროა მაქსიმალურად დაბალი (მინუს) ტემპერატურა, ასევე უნდა იყოს ჰაერის დაბალი ტენიანობა და არ უნდა ქროდეს ძლიერი ქარი. სააგენტოში დასძენენ იმასაც, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭიროა წყლის დიდი რაოდენობა.

შესაბამისაც, როგორც სააგენტო აცხადებს, 11 იანვარს გაიხსნა სნოუპარკის ტრასა, ხოლო 13 იანვარს – გუდაურას სასრიალო ტრასა.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა გუდაურში სხვა სასრიალო ტრასების გახსნა ხელოვნური გათოვლიანებით, სააგენტოში აღნიშნავენ:

კურორტების გათოვლიანების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს – უკვე დამონტაჟებულია 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის არეალში), სადაც წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ასევე აღსანიშნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გუდაურში
ხელოვნური გათოვლიანების ახალი, მესამე ფაზა წელს, სეზონის დასრულებისთანავე, დაიწყება. 2023-2024 წლის სეზონზე გუდაურში კიდევ 2 სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რაც, ჯამში, მოგვცემს საკმაოდ დიდ სასრიალო არეალს.“

“მთის ტრასების სააგენტოს” ცნობითვე, ბაკურიანში ჩემპიონატისთვის 29-კილომეტრიანი ტრასების ხელოვნური გათოვლიანება 90.5 მილიონი ლარი დაჯდა. 

მთავარ ფოტოზე: გუდაური, 25 იანვარი/რეზი კერვალიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი