ახალი ამბებისამართალი

სავარაუდოდ, ჰომოფობიური განცხადების ავტორი ლილი მსხილაძე მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს

22 თებერვალი, 2018 • 3955
სავარაუდოდ, ჰომოფობიური განცხადების ავტორი ლილი მსხილაძე მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს

დღეს, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ ერთხმად, 15 ხმით დანიშნა მოსამართლედ ლილი მსხილაძე, რომელმაც სავარაუდოდ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ლგბტ თემის წევრებს “ავდმყოფი ხალხი” უწოდა.

ფოტო, რომელიც მსხილაძის მიერ დაწერილ ამ პოსტს ასახავს, ორგანიზაცია IDFI-ის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, გიორგი ბერაიამ გაავრცელა.

ლილი მსხილაძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ნეტგაზეთთან საუბრისას საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ  მსხილაძის ამ სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.

“ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელიც ღიად საუბრობდა იმ პერიოდში, როდსაც მოსამართლე იყო, ვიდრე სისტემიდან წავიდოდა, არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ზეგავლენებს უკავშირდებოდა. თუ როგორ ურეკავდნენ, სთავაზობდნენ, დავალებებს აძლევდნენ. ერთადერთი მოსამართლე იყო, ვინც ამაზე ილაპარაკა. ეს არ იყო ერთადერთი კრიტერიუმი, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს ეს ადამიანი აკმაყოფილებდა. თუმცა, რა სტატუსიც ვნახე, როგორც ჩანს, ღირებულებებთან დაკავშირებით ყოფილა სერიოზული გამოწვევა. რა თქმა უნდა, არ მქონია ამაზე ინფორმაცია, ჰომოფობიურ საკითხთან დაკავშირებით. წინასწარ რომ მოეწოდებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მე აუცილებლად გავითვალისწინებდი… მე რომ ეს პოსტი წინასწარ მცოდნოდა, როგორც მინიმუმ, ამაზე კითხვას დავსვამდი”- გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ მოსამართლის შესახებ აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხშირად სრულყოფილი არ არის და დააყენებს საკითხს, რომ სხვა შემთხვევებში აპარატმა საბჭოს წევრებს  ზედმიწევნით სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, მან ინტერნეტში თავადაც მოიძია ინფორმაცია მოსამართლეებთან დაკავშირებით, თუმცა მსგავსი ინფორმაცია არ უნახავს.

ლილი მსხილაძის ფეისბუკის სტატუსთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძესაც დაუსვეს, თუმცა მან განაცხადა, რომ არანაირი სოციალური ქსელი არ აქვს და ინფორმაციას არ იცნობს.

მოსამართლის უვადოდ დასანიშნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის ხმა (მინიმუმ 10 ხმა) არის საჭირო. დღეს, 22 თებერვალს ლილი მსხილაძის გარდა საბჭომ კიდევ 43 მოსამართლე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი