ახალი ამბებიკინო

“სარაევოს გულები” “გრძელ ნათელ დღეებს” [Video/Photo]

31 აგვისტო, 2013 • 2804
“სარაევოს გულები” “გრძელ ნათელ დღეებს” [Video/Photo]

სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილს ფილმს “გრძელი ნათელი დღეები” საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის პრიზი და 16 ათსი ევრო გადაეცა, ხოლო ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებს, მარიამ ბოკერიასა და ლიკა ბაბლუანს, საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის- პრიზი და 2,5 ათასი ევრო ჯილდოს სახით. ფილმმა “ართჰაუსის საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანების” პრიზიც (C.I.C.A.E. Award) დაიმსახურა.

 

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში გამართულ პრესკონფერეციაზე ნანა ექვთიმიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად არაერთი გამარჯვებისა, სარაევოს კინოფესტივალზე მიღწეული წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

“90-იანი წლები ამ ქვეყნისთვის [ბოსნია-ჰერცეგოვინა] იყო რთული. ბევრმა გვითხრა, რომ ეს არის პირველი ქართული ფილმი რაც ნახეს. ბევრისგან გავიგეთ, რომ იგრძნეს ის, რაც თავიანთ ქვეყანაში იყო. გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათაც იციან ის შეგრძნება, როცა რაღაც ხდება არცთუ ისე შორს, არა უშუალოდ იმ ქალაქში, იმ ადგილას, სადაც თვითონ ცხოვრობენ- ტყვიების ხმა იქნება, ომი იქნება თუ რაღაც უბედურება- ეს გრძნობა მათ ძალიან კარგად იციან. ზუსტად ეს იპოვეს ამ ისტორიაში და ისე მიიღეს, როგორც საკუთარი ისტორია, შემიძლია ვთქვა,”- თქვა ნანა ექვთიმიშვილმა. 

 

“გრძელი ნათელი დღეების” პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე თებერვალში გაიმართა, თბილისური პრემიერა 19 სექტემბრესაა დაგეგმილი. 

 

“ფილმის მოქმედება ხდება თბილისში 1992 წელს. 90-იანი წლების ისტორიული ფონი არის, მაგრამ ფოკუსი არის ორი გოგონას მეგობრობის ისტორიაზე, რა გავლენას ახდენენ ისინი ერთმანეთის ცხოვრებაზე. მე მგონი, საერთოდ ისტორია და წარსული არასოდეს კარგავს აქტუალობას, თუ იმას დაინახავ იქიდან, სადაც დგახარ და ჯანსაღად შეხედავ რაღაცებს. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის 90-იანი წლები. ჩვენ გვინდა ადამიანებს ვაჩვენოთ, ამ ორი მეგობარი გოგონას ბედი როგორ წარიმართა იმ დროს,”- განაცხადა რეჟისორმა.  

 

ქართველ მაყურებელთან შეხვედრა ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან არაფერია ზღაპარი. რასაც ჩვენ მოვყვებით, ეს არის რეალობა, რაც ყველამ კარგად იცოდა მაშინ და არავისთვისაა უცხო.” 

 

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის თქმით, სარაევოს მე-19 კინოფესტივალში ქართული ფილმების ჩასართავად ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. 

“როცა ამდენი პრიზი მივიღეთ, ყველა მოდიოდა აღტაცებული, გვილოცავდა და გვეუბნებოდა, რომ “ესაა შემოსევა ქართველების” და ძალიან გახარებული იყვნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ველოდებით თქვენს ახალ ფილმებს და ახალ გამარჯვებებს,-განაცხადა ჯანელიძემ.

 

ნანა ჯანელიძის თქმით, სარაევოს კინოფესტივალს ევროპა დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ამ ღონისძიებას 20 წლის წინ, ომის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. ქართული კინოპროდუქცია წელს პირველად მოხვდა ფესტივალზე და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ქართული კინო ასე წარმატებით წარდგა სარაევოში. 

 

სარაევოს კინოფესტივალის ინდუსტრიული შეხვედრის ფარგლებში გაიმარჯვეს- რუსუდან გლურჯიძემ მხატვრული ფილმის პროექტისთვის “სხვისი სახლი”, ხოლო დოკუმენტური ფილმების სექციაში ეკა პაპიაშილის დოკუმენტური ფილმის პროექტმა  “ადამიანი მიჯნიდან”. 

 

“ნეტგაზეთი” რუსუდან გლურჯიძეს ესაუბრა, რომელმაც “სინე ლინკის” პრიზი 10 ათასი ევროს ოდენობით მიიღო, პროექტსთვის “სხვისი სახლი. რუსუდანის თქმით, მომავალი ფილმი აფხაზეთის თემაზეა.

 

“ფილმი ეხება ომის მსხვერპლებს და ნაციონალობის მიხედვით დაყოფა არ ხდება. იგი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეკავებინათ ქართული მხარის სახლები. ევროპა ძალიან გასხნილად მიიღებს იმიტომ,  რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის,”- განაცხადა რუსუდან გლურჯიძემ. 

 

რუსუდანის თქმით, მისთვის ეს ჯილდო იყო ძალიან მნივშნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ ფულადი ჯილდო მიიღო, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო პროექტის აღიარება. გლურჯიძის თქმით, ფილმის გადაღებას ნოემბერში დაიწყებს. 

 

სარაევოს კინოფესტივალი ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში წელს მეცხრამეტედ დაიმართა. კინოფესტივალი 14 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი