საზოგადოება

“შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ” – მურუსიძე

6 აპრილი, 2023 • 1953
“შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ” – მურუსიძე

უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მას აშშ-ის საელჩო უსმენდეს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი მოკვლაც იგეგმებოდეს.

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 3 მოსამართლესთან ერთად, მურუსიძე და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოჰყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“. დღეს, 15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სპეციალური სხდომა ჩაინიშნა, რომელზეც მურუსიძემ ვრცელი კომენტარი გააკეთა მის სანქცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სანქციების საკითხი არ გადაიხედება და სრულიად უსაფუძვლოა კორუფციის ბრალდება. სანქცირების ნამდვილი მიზეზი კი აშშ-ის საელჩოს სურვილია, დაეუფლოს ქართულ სასამართლოს.

„რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა.. მცდელობები იყო… ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანი და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ მას გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ქალბატონი დეგნანი გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჯერ ერთი, ჩემთვის გასაკვირი იყო ყოველთვის, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი და რეალურად ამ სანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი: თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ“.

მურუსიძეს ზეწოლის მაგალითად მოჰყავს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

„ლაშა ჩხიკვაძის თემა – ეს არის უბრალოდ აისბერგის წვერი. ჩემთან პირადად წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს, შესაბამისად, როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, კონკრეტული ჩარევები ამერიკის საელჩოს მხრიდან, ამასაც, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ნახავს“,- დასძენს მურუსიძე.

მურუსიძე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს სასამართლო სისტემის შიგნით დაპირისპირებას.

„არასამთავრობო მოძრაობების ჟივილ-ხივილი არის, რაღაც მხიარულება ისმის მათი, სასამართლო სისტემაში დაპირისპირებაოო. გულწრფელად გეუბნებით, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მე მგონი, ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა – რომ წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და მოხდებოდა არეულობა და დაქვემდებარება სასამართლო სისტემის აშშ-ის საელჩოსადმი, მეეჭვება, რომ მოხდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რეალურად იმდენად დიდი მიზანია, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.. ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარტიებმა – რომ ამოეწურათ იმედი და მიხვდნენ, რომ ამ ძალებით, რომლითაც ცდილობდნენ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებას და მიტაცებს და რომ ვერ მოხდებოდა… რომ ვერ მიაღწევდნენ მიზანს…

აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება. ეს არის ზეწოლა. ვერ ვიფიქრებდი ვერაფრით იმას, რომ რეალურად, კორუფციის გამოწოვილი ბრალდებით… ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს ადგილი – ხდება მართლმსაჯულების მიტაცება. კიდევ ერთი – ქალბატონმა ელჩმა ბრძანა ასეთი რამ, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამების მიცემაო – არ ვიცი.. რა უნდა ვთქვა,.. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე , მისმენენ ე.ი.

მე ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ – დღე იქნება თუ ღამე“, – განაცხადა მურუსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი