ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს მხარდამჭერ პროგრამაზე

25 მაისი, 2022 • 1449
აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს მხარდამჭერ პროგრამაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს თხოვნით მიმართა, რომ „სპეკულაციების დასასრულებლად“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე მცირე განცხადება გააკეთოს.

კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია: მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, მისი კუთვნილი სახალხო დამცველის და მისივე კუთვნილი NGO-ები“ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ამერიკელ დიპლომატებს, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს, როცა ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილების გამო აშშ-მა პროგრამიდან მოხსნა.

„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ს საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სსკ-ს 364-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია“, — განაცხადა კობახიძემ 24 მაისს.

დღეს კი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს დუმილით დადასტურდა, რომ “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსამართლეზე დისკრიმინაცია არ მომხდარა.

აშშ-ის საელჩო არც უარყოფს და არც ადასტურებს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის პროგრამიდან მოხსნას, ამბობს რა, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.


ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა ნეტგაზეთისთვისაც.ნეტგაზეთი დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი