დაჭრილი არასრულწლოვნის მამის თქმით, მოზარდებმა თანატოლებთან იჩხუბეს

გუშინ, 31 იანვარს, თბილისში დაჭრილი არასრულწლოვნის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ დაშავებულებმა ქუჩაში თანატოლებთან იჩხუბეს. როგორც დაჭრილი მოზარდის მამა ამბობს, მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა შვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩხუბში მონაწილეები დაშავებლთა თანატოლები იყვნენ.

მშობლის თქმით, ორივე დაშავებულს თითო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით იკითხება კიდევ ერთ იარასრულწლოვანი. როგორც მისი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სტატუსით იკითხება, რადგან შემთხვევას შეესწრო და,  სავარაუდოდ, არასრულწლოვანთა გაშველებას შეეცადა, რა დროსაც თავადაც მიიიღო ხელზე მცირე დაზიანება.

ჩინჩალაძის თქმით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მიიყვანა.

გუშინ, 31 იანვარს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობებით ორი არასრულწლოვანი მიიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

საბურთალოს 2 არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თბილისში მოზარდთა შორის დაპირისპირებას ორი თვის წინ მსხვერპლი მოჰყვა. ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 1 დეკემბერს, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი- 2 დეკემბერს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე არასრულწლოვანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.