ახალი ამბებისამართალი

არასრულწლოვნებს შორის ჩხუბის შედეგად ერთი მათგანი დაიღუპა

1 დეკემბერი, 2017 • 4610
არასრულწლოვნებს შორის ჩხუბის შედეგად ერთი მათგანი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისრტოს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ”, – აცხადებს შსს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, რომელიც ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ იმედაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიტუაცია, ექიმების ძალისხმევით, გაუმჯობესებისკენ მიდის.

“ პაციენტი არის 16 წლის ბიჭი, რომელიც შემოვიდა კლინიკაში, სადისტური დაზიანებებით, ვერ ვმალავ აღშფოთებას, გულმკერდის არეში, მუცლის არეში, არის დაზიანებული მაგისტრალური არტერიები, ბარძაყის ვენები. პრაქტიკულად ნული წნევით შემოვიდა. იყო მომენტი გული გაჩერების, რაც ახლა აღდგენილი არის. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მიმდინარეობს ბრძოლა ამ  ბავშვის გადასარჩენად. ბოლო 5 წუთის მონაცემები მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწეიეთ, წნევა წამოვიდა, რაღაც იმედები გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ამიტომ ამ მომენტისთვის მინდა გითხრათ, ძალიან დიდი არის შანსი, რომ გადარჩეს. მაგრამ უმძიმესი არის, ასეთი ტიპის დაზიანებები, გულმკერდის შემავალი ჭრილობა, მუცლის ჭრილობა, მძიმე არის, მაგრამ იმედი გვაქვს. ახლა გამოჩნდა რაღაც იმედი, რომ ბავშვი გადარჩება. ჩართული არის მთელი სამედიცინო პერსონალი, მართლა ბრძოლაა. ყველა ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული. სისხლდენა ახლა აღარ გვაქვს, წნევა იწევს, სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. მინდა გითხრათ, რომ დავიწყებთ, უფრო მობილიზაციას გავაკეთებთ, რომ დავიწყოთ ოპერაცია. ჩვენთან გარდაცვლილი არ შემოუყვანიათ. თუმცა ზარი იყო, ორი რომ უნდა შემოეყვანათ. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ეს კი ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, ფაქტორბივად, გული გაჩერებული იყო. ახლა ოპერაციას კარგი შედეგი აქვს იმიტომ, რომ სისხლდენა არ აქვს” – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი