ახალი ამბები

მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეთა მცირე ნაწილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან – გახარია

3 დეკემბერი, 2017 • 3335
მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეთა მცირე ნაწილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.

“გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ამ კონფლიქტში მონაწილე ადამიანების ძალიან მცირე ნაწილმა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი.

კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც განათლების სამინისტრომ და საზოგადოების სხვა წევრებმა (მოქალაქეები, რომლებიც აქტიურ/სწორ პოზიციას იჭერენ) ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რამეთუ, პირველ რიგში, არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები არსებობდეს. სხვანაირად, ჩვენ ვერ შევძლებთ არასრწულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენციას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მოწმის მამა გენერალური პროკურატურის თანამშრომელია. მისი თქმით, საზოგადოებას ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვნად ლოგიკური კითხვები გაუჩნდა:

“მინდა აღვნიშნო, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს გენერალურმა პროკურატურამ პასუხი უკვე გასცა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა მისივე სურვულით დატოვა დაკავებული თანამდებობა, რამეთუ არ მოხდეს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები ისეთ მძაფრ და სენსიტიურ თემაში, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ.”

  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • 3 დეკემბერს 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი