ახალი ამბები

თბილისში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

3 დეკემბერი, 2023 •
თბილისში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გამოძახებაზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. მას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმა ედება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. შსს-ის განცხადებით, ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

უწყების ცნობით, ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შსს-ის განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი