ახალი ამბები

ზოიძე: კატეგორიულად ვგმობ ფეისბუკ-კამპანიას ნინო წილოსანის წინააღმდგ

25 იანვარი, 2018 • 2352
ზოიძე: კატეგორიულად ვგმობ ფეისბუკ-კამპანიას ნინო წილოსანის წინააღმდგ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მიუღებელია დეპუტატ ნინო წილოსანის წინააღმდეგ განხორციელებული ფეისბუკ-კამპანია.

ზოიძემ ეს განცხადება 25 იანვარს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ნინო წილოსანმა 24 იანვარს ფეისბუკზე დაწერა სტატუსი, სადაც დაინტერესდა, რატომ არ მიუსაჯეს “ბახალას” 8 წელზე მეტი. ამ სტატუსს საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

“კატეგორიულად ვგმობ იმ ფეისბუკ-კამპანიას, რაც ჩემი კოლეგის, ქალბატონი ნინოს მისამართით იქნა გუშინ წარმოებული და მოვუწოდებ ყველას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე, ტოლერანტობაზე, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაზე, დემოკრატიაზე, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, არ შეიძლება ადამიანის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რა პოზიციის მომხრე არიან ეს ადამიანები, მე ძალიან ვთხოვდი, რომ ასეთი მეთოდების გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ გვაბრუნებს იმ საზოგადოებისაკენ, რომლის წინააღმდეგაც, როგორც ჩანს, ეს ადმიანები იბრძვიან, მაგრამ თავიანთი საქციელით ეს ასე არ ჩანს,”- განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იგი წილოსანის განცხადების შინაარსს, კერძოდ, კითხვას იმის შესახებ, რატომ არ მიუსაჯეს “ბახალას” 8 წელზე მეტი, ზოიძე გვპასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას პოზიცია უკვე გაცხადებული აქვს:

“ჩემთვის არის მიუღებელი კანონმდებლობა, რომელიც გასაგებია, 50 აბი ახალი კანონმდებლობითაც იქნება ძალიან დიდი ოდენობა, იქ სხვა რამეზეა საუბარი, რამდენად მტკიცებულებების სიმყარე და ერთობლიობა არის იმის საფუძველი დავადგინოთ, ადამიანი ფლობდა თუ არა ასეთი ოდენობით ამ საშუალებას. მაგრამ, მოდით, ამას გეტყვით, რომ როდესაც არა 50 აბი, არამედ მეოთხედი აბი სუბოტექსის ჯიბეში აღმოჩენით იგივე 8 წელი არის მინიმალური სასჯელი, ეს კანონმდებლობაა ჩემთვის არაადამიანური, ამაზე მქონდა მე კომენტარი და არა კონკრეტულ შემთხვევაზე,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი