ბახალას წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს? – “ოცნების” დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების” მდივანი ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კითხვა გაუჩნდა, რატომ მიუსაჯეს “ბახალას” ნარკოდანაშაულის მუხლით გათვალსწინებული მინიმალური სასჯელი.

წილოსანი ამ სტატუსით საზოგადოებას მიმართავს –  “საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული” – წერს ის.

“თუ 45 აბი ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ,”- წერს წილოსანი.

როგორც წილოსანი აქ აღნიშნავს, გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალამ) 45 აბი (400 გრამამდე) სუბოტექსი შეიძინა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. რეალურად, “ბახალა” სასამართლომ დამნაშავედ ცნო არა 400 გრამის, არამედ 0.3726 გრამი ‘’ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი)  შემცველი 45 აბის და აბის 4 ნატეხის შეძენასა და შენახვაში, რაზეც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება დეპუტატის სტატუსში ნახსენებ 843 აბს, პროკურატურის ვერსიის თანახმად, თურქეთში სწორედ ბახალამ გადასცა ეს აბები ჯ.ხ-ს საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით. ჯ.ხ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში ტრანსპორტირებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციითვე, ჯ.ხ-ს საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მისი შესაძლო თანამონაწილეების მიერ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

“მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა- წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს , მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ?! P.S და კიდევ , შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია,”- წერს წილოსანი.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა. 23 იანვარს თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყებამ გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

“თეთრი ხმაურის მოძრაობამ” ბახალას მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, 25 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია დააანონსა. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ითხოვს, გაათავისუფლონ გიორგი გიორგანაშვილი, ასევე, მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი და მის მიმართ აღძრული საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ითხოვს, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები გიორგი გიორგანაშვილს, ასევე, დროულად შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი