ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატი ქალები ირწმუნებიან, რომ კვოტირებამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა

2 აპრილი, 2024 • 742
“ოცნების” დეპუტატი ქალები ირწმუნებიან, რომ კვოტირებამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა

“ქართული ოცნების” ქალი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ გენდერულმა კვოტირებამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა გაავრცელა.

წილოსანი წერს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში გაიზარდა და “ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა”.

დღეს საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 27 ქალია, რაც სრული შემადგენლობის 19,4%-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 125-ე ადგილზეა და ჩამორჩება მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც: ყაზახეთს, ირგიზეთს და ა.შ.

გარდა ამისა, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია უშედეგოდ ცდილობენ ქალების სხვადასხვა საჭიროებების ადვოკატირებას პარლამენტში. მათ შორისაა გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებები, რადგან არსებული კანონმდებლობა კანონს მიღმა ტოვებს გაუპატიურების მთელ რიგ შემთხვევებს.

“ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს”, – ვკითხულობთ წილოსანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის გენდერულ კვოტირებას, რომლის მიღებასაც  4 წლის წინ თავად ადვოკატირებდა, “ფორმალურ და სავალდებულო ჩანაწერს” უწოდებს. წილოსანი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” საკუთარი ინიციატივებით აძლიერებს შიდაპარტიულ დემოკრატიას.

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. Სწორედ ამიტომ შევქმენით 2 წლის წინ პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, აძლიერებს მათ და აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას”, – აცხადებენ უმრავლესობის წევრი ქალები.

გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ინიციატივა გუშინ, 1 აპრილს, ბიურომ დაჩქარებული წესით განიხილა. ინიციატივა “გირჩმა” წარადგინა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კი განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ინიციატივა სინამდვილეში “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის და არა “გირჩს”. დეპუტატები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამის მიზეზად სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ასახელებენ. კონკრეტულად, მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც ჩვეულებრივ მდიდარი და გავლენიანი კაცები იყვნენ და რომლებსაც ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდათ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვება, ახლა პროპორციულ სიაში ადგილს მოინდომებენ. კვოტირება – პარტიების ვალდებულება, საარჩევნო სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს- ყოფილ მაჟორიტარ კაცებს უკან გადასწევს. ეს მათ არ აწყობთ, ამ ადამიანების მომდურება კი – “ქართულ ოცნებას”.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი