ახალი ამბები

“გუნდის პოზიციას მხარს დავუჭერ” – “ოცნების” ქალი დეპუტატები კვოტირების გაუქმებაზე

1 აპრილი, 2024 • 1580
“გუნდის პოზიციას მხარს დავუჭერ” – “ოცნების” ქალი დეპუტატები კვოტირების გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატები, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი ამბობენ, რომ თუ პარტიაში უმრავლესობა გენდერული კვოტირების გაუქმებას მოინდომებს, ინიციატივას თავადაც დაუჭერენ მხარს. ორივე მათგანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრია.

“დიახ, დავუჭერ მხარს [გენდერული კვოტირების გაუქმებას], გუნდის გადაწყვეტილებისთვის არასდროს მიღალატია და არც ახლა ვაპირებ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კვოტირების ინსტრუმენტს არსობრივად “ქართული ოცნებისთვის” არ შეუცვლია მიდგომა და არც შეცვლის. მანამდეც ქალებით წარმომადგენლობითი იყო საპარლამენტო სია და უფრო მეტი პროგრამა იგეგმება ქალების პოლიტიკური გაძლიერებისთვის”, – ასე უპასუხა “ნეტგაზეთის” კითხვას მარიამ ლაშხმა.

ხატია წილოსანის ინფორმაციით, დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისი თქმით, სწორედ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ მმართველ პარტიაში კვოტირების სავარაუდო გაუქმების შესახებ და გადაწყვეტილებასაც ერთობლივად მიიღებენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომაზე – მაშინ, როცა “გირჩმა” კვოტების გაუქმების ინიციატივა წარადგინა – მმართველი პარტიის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ინიციატივას მხარს დაუჭერს.

“შინაარსობრივად არ მინახავს [კანონპროექტი], ამიტომ, გავეცნობი კარგად. დღეს უმრავლეოსობის სხდომაა. იქნება ამაზე აუცილებლად მსჯელობა, და საბოლოო პოზიცია რაც იქნება გუნდის, გუნდის პოზიციას მხარს დავუჭერ ნამდვილად. მიმაჩნია, რომ კვოტირება არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ინსტრუმენტი ქალთა გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პატარა პარტიებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დააინიციირონ ეს საკითხი თავიანთი შეხედულებისამებრ და თუ ამაზე იქნება მმართველი გუნდის პოზიცია ერთიანი, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას დავუჭერ მხარს, რასაც გუნდი მიიღებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ხატია წილოსანმა და დასძინა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება ეკონომიკურ გაძლიერებაზე, პოლიტიკური და სოციალური უფლებების თანასწორობაზე და “კვოტირება არ ვაქციოთ პანაცეად”.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ კვოტირების სისტემის გაუქმების ინიციატივა “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის, რომელიც “გირჩის” ხელით გააჟღერეს”. თეონა აქუბარდიამ და ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამის მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილებაა: 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, რომლებიც ხშირად მდიდარი ბიზნესმენი ან გავლენიანი კაცები არიან და რომლებსაც დიდი ფული შეაქვთ პარტიაში, სიაში ადგილი აღარ დარჩება. კვოტირების გაუქმებით ეს ადამიანები იმ ადგილებს შეავსებენ, რომლებიც კვოტირების პირობებში ქალებისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

ხატია წილოსანი ამ მსჯელობას “კონსპირაციულ თეორიას” უწოდებს.  მეტიც, ის ამტკიცებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა მათი ფინანსური რესურსების მიხედვით არ ხდება.

“მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევა არ ხდებოდა მათი ფინანსური მდგომაროების გათვალისწინებით. ეს ამ ადამიანების მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქში აქვს ძალიან დიდი გავლენა და ელექტორალური მხარდაჭერა. ფინანსურ რესურსზე ხაზგასმა სწორი არ არის. ეს ქვეყანაში აჩენს განცდას, რომ ჩვენ ფინანსურად შეძლებულ ადამიანებს ვებრძვით და გვეზიზღება ეს ხალხი”, – ამბობს ხატია წილოსანი.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ქალების წარმომადგენლობა კვოტირების სისტემის გაუქმების შემთხვევაში, წილოსანი ამბობს, რომ პარტიაში ამის თაობაზე მსჯელობა არ ჰქონიათ. მარიამ ლაშხმა კი “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პარტიულ სიაში კვოტირების გარეშეც იყვნენ ქალები და მსგავსი მიდგომა გაგრძელდება.

“ნეტგაზეთი” შეეცადა მმართველი პარტიის სხვა ქალი დეპუტატების მოსაზრებების გაგებას, თუმცა ხატია წილოსანისა და მარიამ ლაშხის გარდა არცერთმა მათგანმა არც სატელეფონო ზარზე და არც შეტყობინებაზე არ გვიპასუხა. მათ შორის, არც გენდერული თანასწორობის საბჭოს და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა. უფრო მეტიც, წილოსანი ესწრებოდა ბიუროს სხდომას, სადაც  “გირჩმა” აღნიშნული ინიციატივა წარადგინა. ბიუროზე მას საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

გენდერული კვოტირების შესახებ არსებული კანონით პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. ეს სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს და თავის დროზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერით დამტკიცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი