“თეთრი ხმაურის მოძრაობა” კანცელარიასთან 25 იანვარს აქციას გამართავს

“თეთრი ხმაურის მოძრაობამ” ბახალას მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, 25 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია დააანონსა.

მოძრაობის წევრმა ნაჯა ორაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ აქცია 17 საათზე დაიწყება. მისი თქმით,, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ითხოვს, გაათავისუფლონ გიორგი გიორგანაშვილი, ასევე, მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი და მის მიმართ აღძრული საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ითხოვს, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები გიორგი გიორგანაშვილს, ასევე, დროულად შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.

“არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით. ამიტომ მოვითხოვთ, გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი, და საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს,” – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

დღეს, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო 0.3726  გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში “თეთრი ხმაური მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი დაკავების დროს სმართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობდა. დღეს, 23 იანვარს თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყებამ გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com