თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში “თეთრი ხმაური მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს.

სასამართლოს ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ,  დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შემოსასვლელის მინა ჩაიმსხვრა.  წიქარიშვილი და ბზიავა სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წიქარიშვილი და ბზიავა ადმინისტრაციულ სამმართალდართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს. უწყების ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე, ნივთის დაზიანება და განადგურების მუხლით.

დღეს, 23 იანვარს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ამ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ წიქარიშვილი და ბზიავა.

გიორგანაშვილს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვაში ედებოდა. ის 2017 წლის 29 იანვარს დააკავეს, როდესაც დასავლეთ საქართველოდან თბილისში ბრუნდებოდა. გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

გიორგი გიორგანაშვილი დაკავების დროს სმართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობდა. დღეს, 23 იანვარს თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყებამ გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com