პროკურატურა გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს

თბილისის პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც პირის უფლების დარღვევა გამოიწვია.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ცალკეული თანამღომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

გიორგანაშვილის ადვოკატის თქმით, გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსლების გადამეტებას მისი დაკავების დროს ჰქონდა ადგილი. გიორგი მახარაძის თქმით, ამ ეტაპზე უწყების მიერ დაწყებული გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჯერჯერობით არ გამართულა.
გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის ფლობის ბრალდებით 2017 წლის 29 იანვარს დააკავეს. იგი დააკავეს მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოდან ბრუნდებოდა თბილისში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 8 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უკანონო პატიმრობა ემუქრება.

გიორგანაშვილი არ აღიარებს ბრალს და უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა პოლიცია, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

2017 წლის 14 ივლისს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოსამართლემ 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

გიორგანაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა, დღეს, 23 იანვარს, დანიშნულ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულის დასკვნით სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.