ახალი ამბები

სესიაშვილი: ჭორაობს და სურს, რომ ერთგვარად თავი გაიმართლოს

8 აგვისტო, 2013 • • 1147
სესიაშვილი: ჭორაობს და სურს, რომ ერთგვარად თავი გაიმართლოს

როგორც სესიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ამ განცხადებით პრეზიდენტმა საკუთარი თავი 2008 წლის პლებისციტსა და საქართველოს მოსახლეობის ნებაზე მაღლა დააყენა.


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

“საზოგადოებაში ეს საკითხი, ფაქტობრივად, არც ყოფილა განხილული და არანაირი დისკუსია ამაზე არ გამართულა… შეიძლება საზოგადოებაში ყოფილიყო ამ მიდგომის მიმართ მხარდაჭერა, ან უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც დღესაც კი ჩვენ უმცირესობა გვიკიჟინებს, რომ აი, ნატოში ინტეგრაციის გზას გვერდს უვლით და რუსეთთან დაახლოებას ცდილობთ, რაც, რა თქმა უნდა, სიცურე და ერთგვარი შეურაცხმყოფელია ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ყველა კარგად ხედავს, თუ რა ნაბიჯებს დგამს დღეს საქართველოს ხელისუფლება და როგორი მხარდაჭერა აქვს მას დასავლეთისგან. ამიტომ ნებისმიერი ასეთი განცხადება, მე ვიტყოდი, რომ არის სულელური განცხადება იმ კუთხით, რომ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჭორაობს ამ საკითხზე… მას ხმა არ ამოუღია 5 წლის მანძილზე, დღეს კი ამაზე ჭორაობს და სურს, რომ ერთგვარად თავი გაიმართლოს. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ინტერესებს ეყრდნობოდეს და ასეთ საკითხებზე ღიად არ საუბრობდეს, ცდილობს ერთგვარად ახსნას, თუ რამდენად პატრიოტი იყო ის საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაფერს თმობდა. ნატო არ არის მხოლოდ ალიანსი, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის დიდი დემოკრატიული ოჯახი. ეს ოჯახი ჩვენი ქვეყნის მომავალია, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ტრადიციებიდან, დემოკრატიისადმი დამოკიდებულებიდან და ამას გვიცვლიდა პრეზიდენტი ისე, რომ შეიძლება კაციშვილს არ გაეგო. არა მარტო რეფერენდუმზე მაღლა დააყენა მან საკუთარი თავი, არამედ ხალხის ნების წინააღმდეგ მის ზურგს უკან აწარმოებდა ვიწრო პოლიტიკურ მოლაპარაკებებს”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

საკუთარ განცხადებაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტება დღესვე გააკეთა. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რას ნიშნავდა მისი განცხადება ნატოზე შესაძლო უარის თქმის შესახებ, მაშინ, როდესაც არსებობს 2008 წელს ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობამ ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, სააკაშვილმა თქვა:

“მე მინდა ყველასთვის გასაგებად ვთქვა, რომ პოლიტიკოსის ქმედებები იზომება არა იმით, ვინ რას ამბობს, არამედ მათ მიერ გატარებული პოლიტიკით წლების განმავლობაში. აბა, კარგად დაფიქრდით და შემდეგ თქვით, სად იყო საქართველო ჩემს პრეზიდენტობამდე და სად არის საქართველო ჩემი პრეზიდენტობის დასასრულს? – ჩემამდე იყო პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც გარკვეული მიმართულებებით- ხან იქით, ხან აქეთ მოძრაობდა, რომელიც მუდმივად ყოყმანობდა. ჩემი პრეზიდენტობისას კი გაჩნდა ჩანაწერი ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებში იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ასეთი გარანტია არ მიუღია არც ერთ ქვეყანას, ჩვენი და უკრაინის გარდა, ნატოში შესვლის წინა სტადიაზე. 

2003 წელს ვინმეს რომ ეთქვა, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდებოდა, მე თვითონაც კი გამეცინებოდა, ჩემი პოლიტიკის შედეგად გაჩნდა ეს ჩანაწერი. თუ ვინმეს რამეში ეჭვი გეპარებათ, ჩემი მთავრობის პოლიტიკის შედეგად გაჩნდა ეს ჩანაწერი, ჩემი ინიციატივით გავიდა საქართველო დსთ-დან, სადაც შევარდნაძემ შეგვიყვანა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველო დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე და ახლა გინდა ილაპარაკეთ, რომ სააკაშვილი რაღაცას ცვლიდა რამეში და რაც გინდა ის თქვით, ფაქტები ძალიან ჯიუტია: აგერ ვდგავარ მე, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და აგერაა ჩემ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები – საქართველო წავიდა ისე ჩქარა დასავლური ორინეტაციის გზით, მათ შორის თვისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოგედგინათ და მეც კი ვერ წარმომედგინა თავის დროზე. ასე რომ, ეს არის ფაქტები და ეს ფაქტები არის ისტორიული ჭეშმარიტება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში არაფერი ახალი არ უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, გარდა იმისა, რომ წარმოადგინა ამის შესაბამისი დოკუმენტები:

“დოკუმენტები წარმოვადგინე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს არ დასხმოდა თავს რუსეთი ფართომასშტაბიანად, რა თქმა უნდა, წინა წლებში სხვადასხვა ტიპის თავდასხმების მსხვერპლი მუდმივად ვიყავით, მაგრამ, საბოლო ჯამში, ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იყო უარის თმა სახელმწიფო პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ თუ არა ჩვენი გატარებული პოლიტიკა… ხშირად ამბობენ… ერთ-ერთი პარლამენტის წევრი, რომელიც კარგად გამოხატული ФСБ-ს აგენტია, ამას წინათ მოვკარი ყური, ამბობდა, რომ თუ არა სააკაშვილი და მისი მთავრობა, ომი არ იქნებოდაო, ეს არის რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუში. მინდა ვუთხრა მას: რომ არა ქართული სახელმწიფოებრიობა, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფო და ომი. ერთი პატარა რგოლი ამოუვარდათ, სწორედ ის, რომ ჩემმა მთავრობამ და ქართველმა ხალხმა შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა და მხოლოდ ამის გამო ალბათაც პუტინის რუსეთმა ეს ვერ მოითმინა და დაგვესხა თავს. სწორედ სახელმწიფოებრიობის გამო გავუძელით და გავაგრძელეთ განვითარება. ჩვენს ხალხს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმა ნიშნავს მომავალზე უარის თქმას და ჩვენ გადავლახეთ რუბიკონი, იმის უკან მობრუნება აღარ არის, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, უნდა გააგრძელოს კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარების გზა, მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა ვცადოთ რუსეთთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ პუტინის რუსეთთან ეს არ გამოვა და თავს ნუ მოვიტყუებთ! რუს ხალხთან ეს გამოვა და პუტინის დღეები დღეს რუსეთში, დარწმუნებული ვარ, რომ არის დათვლილი. ყველა შემდგომი მთავრობისთვის უნდა ვიყოთ მზად და სანამ ეს პუტინის რუსეთია, უნდა გავაგრძელოთ განვითარება და არაფერი ისეთი არ უნდა დავთმოთ, რასაც შემდეგ ვინანებთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი