ახალი ამბები

როგორ აფასებენ ოპოზიციაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

21 იანვარი, 2021 • 1190
როგორ აფასებენ ოპოზიციაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

ოპოზიციის წარმომადგენლები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულ გამარჯვებად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მოვლენა ქვეყნის მომავალზე მოახდენს გავლენას.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად, რუსეთის მხრიდან გრძლევადიანი საფრთხის კონტექსტში.

“ეს ამბავი, დეტალებში რომ არ შევიდეთ, არსებითად არის, ერთი მხრივ, სამართლებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ყველა მომავალი დისკუსიისთვის და უფრო დიდხანსაც რომ გაგრძელდეს ჩვენი ეს პრობლემა და დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან, ვიდრე ჩვენ ეს გვსურს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგინდა იმაზე, ვის კონტროლიქვეშ იყო ვითარება, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებები იქნა ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს არის რუსეთის ფედერაცია.

და მეორე, ეს არის პოლიტიკური საკითხი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამართლებრივი შედეგები პოლიტიკურ კაპიტალიზაციას მოითხოვს იმ გრძელვადიანი საფრთხის კონტექსტში, რასაც პუტინის რუსეთი, და ზოგადად, სანამ ასეთ ფორმაშია რუსეთი, წარმოადგენს საქართველოსთვის და თავისუფალი სამყაროსთვის. ეს ამბავი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ამ დაპირისპირებისას დიპლომატიურ და მთლიანად საერთაშორისო ასპარეზზე გეოპოლიტიკურადაც კი”, – განაცხადა ბოკერიამ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის როლი, თუ როგორ გამოიყენებს დღევანდელ მოვლენას სამომავლოდ.

“ყველა ამ ტიპის შედეგს სჭირდება ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია და ამოცანა, რომ ეს ყველაფერი სწორად იქნას გამოყენებული. ისევე, როგორც საქართველოს წინა გამარჯვება, ვგულისხმობ დეპორტაციებთან დაკავშირებით 2006 წელს ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისაც კი. როგორც იმ გამარჯვების შემთხვევაში, აქ კიდევ უფრო მსხვილი კალიბრის გამარჯვებისას გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამის მერე აგრძელებს მუშაობას როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ფეხებზე დაიკიდა დღევანდელმა ივანიშვილის რეჟიმმა, ის წარმატება კომპენსაციებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ფეხებზე დაკიდების ტოლფასი იყო ის, რაც გააკეთეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ასევე, ტელეკომპანია პირველის ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავაც. მან საქართველოს მიულოცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ სტრასბურგის მიერ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება “ძალიან მნიშვნელოვანია მომენტია” საქართველოსთვის.

“დღეს საქართველომ გაიმარჯვა, დღეს სამართლიანობამ გაიმარჯვა, დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში თავდამსხმელი, აგრესორი და შემდეგ უკვე ოკუპანტი, იმიტომ, რომ იქ საუბარია არა მხოლოდ აგვისტოს ომის დროს, არა მხოლოდ ამ სამხედრო აგრესიის დროს მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, არამედ მას შემდეგაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც საუბარია განგრძობად დარღვევებზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებელ რეგიონებში და ე.წ. ბუფერულ ზონებში”.

ბოკერიას მსგავსად, ბოკუჩავამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის როლზე და განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეუძლია ეს მოვლენა ქვეყნის დეოკუპაციის საკითხში გამოიყენოს.

“მე მოვისმინე განცხადებები დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც, ზოგიერთი მათგანი, თითქოსდა ჩრდილში გადასული ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც მისი ხელდასმული ე.წ. პრეზიდენტი, დღეს მაინც გამოთქვამენ სინანულს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სწორედ იმ საკითხებს, რომელზეც იმსჯელა და რომელზეც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

დღეს საქართველოს რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომლის ამოსავალი წერტილი არა პოლიტიკური დევნა, არა დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, არა ომბუდსმენზე თავდასხმა, არა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა და არა არჩევნების მოპარვა და შემდეგ მთელი საერთაშორისო კაპიტალის, ამ ყველაფრის გასათეთრებლად მუშაობაა, არამედ ის, რომ რეალურად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზაცია მოახდინოს, მაშინ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ამგვარი ხელისუფლება წარმატებით გამოიყენებდა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებლის, ანა დოლიძის თქმით კი, სტრასბურგმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია აღიარა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს დააკისრა. დოლიძის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის, არამედ საერთო სახალხო მოქმედების შედეგია:

“ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე, და ჩემ გარდა კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავთ მთლიან საქართველოს”, – წერს დოლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს გამარჯვება მიულოცა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი თქმით, სტრასბურგმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და “კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი” საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

“რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ეს მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა, მისი მთავრობის წასვლის შემდეგ.


აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში.  პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც.

 

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი