ჯანდიერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ხელისუფლება პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება ვანო მერაბიშვილისთვის კომპენსაციის სახით 4 000 ევროს გადახდასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. ამის შესახებ მან “TV პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა. ჯანდიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის საქმეში მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზე აპელირებს, რაც არასწორია.

“ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, თუ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა ან რაღაც ხარვეზები. ეს ყველაფერი ერთი-ერთში ემთხვევა იმ განცხადებებს, რომლებიც გირგვლიანის საქმეზე აკეთებდა ხელისუფლება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ გადაიხადონ 4 000 ევრო და ეს ძალიან კარგად უნდა გაითავისოს ხელისუფლებამ. ასეთი განცხადებები მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობაა”, – აცხადებს ჯანდიერი.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებით შეცდომა დაუშვა, რადგან ამისათვის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა.

“ჩვენ ახლა მივიღეთ სურათი, რომ მთელმა ევროპულმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა: ის პრეტენზიები, რომლებიც წარდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, არ იქნა გაზიარებული და დიდი პალატის პოზიცია ერთი-ერთში დაემთხვა  პალატის მოსაზრებებს.
…დიდმა პალატამ მიუთითა, რომ თუკი ივანე მერაბიშვილის დაპატიმრება თავდაპირველად ემსახურებოდა კონვენციის მიზნებს,  14 დეკემბრის შემდეგ და დღესაც, მისი დაპატიმრება არ შეესაბამება კონვენციის მიზნებს”.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით მძიმე გარემოება მომჩივანთან მიმართებაში მე-18 მუხლის დარღვევის დადგენაა, რაც საქართველოს შემთხვევაში პირველად მოხდა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – დაასკვნა, რომ არაა დადგენილი, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ძირითადად ემსახურებოდა თუ არა ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის ჩამოცილებას. თუმცა სასამართლომ საკმარისად დამაჯერებლად და დადასტურებულად მიიჩნია მერაბიშვილის ბრალდებები წინასწარი პატიმრობის პერიოდში ციხიდან მის გაყვანასთან და გვიან ღამით დაკითხვასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან