ახალი ამბები

ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე პროკურატურა ვანო მერაბიშვილს გამოკითხავს

9 მაისი, 2019 • 1976
ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე პროკურატურა ვანო მერაბიშვილს გამოკითხავს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ. პროკურატურის თქმით, გამოკითხვა მერბიშვილის ადვოკატის მოთხოვნით ჩატარდება:

“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილს გამოკითხავენ.

გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ -ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება” – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა:

“ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს, სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.


ვანო მერაბიშვილის თქმით, 2013 წლის 14 დეკემბერს ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან, შუაღამისას, ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და სავარაუდოდ, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს, ან პროკურატურაში, სადაც ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ. როგორც მერაბიშვილმა თქვა, მაღალჩინოსნებმა მას სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ციხიდან მალე გამოშვებას დაჰპირდნენ. ასევე, როგორც მერაბიშვილი ამბობს, მათ მოითხოვეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე მასალების მიწოდება.

მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ხელისუფლება ამ დრომდე უარყოფს. მერაბიშვილი ითხოვდა ციხის ჩანაწერების გამოქვეყნებას, სადაც, მისივე თქმით, გამოჩნდებოდა მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდი. იმ მიზეზით, რომ “ჩანაწერები წაშლილი იყო”, ხელისუფლებას ეს ჩანაწერები არ გამოუქვეყნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი