ახალი ამბები

სტრასბურგმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა

28 ნოემბერი, 2017 • 4017
სტრასბურგმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ  ძალაში დატოვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სარჩელზე, რომლის მიმართაც დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი  მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად. აქვე აღნიშნულია, რომ სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევაზე გადაწყვეტლება 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევა ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ამ მუხლთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს.

სასამართლოს პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერსეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 2017  წლის თებერვალში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, რადგანაც მათი განცხადებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომელიც ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა, თუმცა, დიდი პალატის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმე წააგო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება

გასაჩივრებულ მუხლებთან დაკაკავშირებით სასამართლოს დიდმა პალატამ:

  • ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5 § 1 მუხლი, (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) რაც შეეხება მერაბიშვილის დაკავებას ან მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
  • ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5 § 3 მუხლი, რაც მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის თავდაპირველ შეფარდებას ეხება.
  • ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა 5 § 3 მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ  მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების  გარეშე.
  • 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 5 § 1 მუხლთან მიმართებით – მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი.

ევროსასამართლოს პრესრელიზის თანახმად, საქმეზე ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის (მერაბიშვილის) წინასწარ პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, თუმცა, მოგვაინებით, უკანონოდ იქნა გამოყენებული მასზე ზეწოლის მოსახდენად.

“სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არის დადგენილი, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ძირითადად ემსახურებოდა თუ არა ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის ჩამოცილებას. თუმცა სასამართლომ საკმარისად დამაჯერებლად და დადასტურებულად მიიჩნია მერაბიშვილის ბრალდებები წინასწარი პატიმრობის პერიოდში ციხიდან მის გაყვანასთან და გვიან ღამით დაკითხვასთან დაკავშირებით,”- ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების თანახმად, 320-329 პარაგრაფის მიხედვით, მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები.

გადაწყვეტილების ამ ნაწილში მართლაც წერია, რომ მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამის სათქმელად საკმარისი არ არის:

“მართალია, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნების” მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ეს არ არის საკმარისი იმის საჩვენებლად, რომ რომ პატიმრობის უპირატესი მიზეზი ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის მონაწილეობის შეჩერება იყო და არა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სათანადო პროცედურების ჩატარება,”- ვკითხულობთ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე წერს, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეს და ახსენებს 2013 წლის 14 დეკემბერს მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდს, შესაბამისად ასკვნის, რომ დაირთვა კონვენციის მე-18 მუხლი:

“ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინასწარი პატიმრობის დროს, რომელიც უნდა განიხილებოდეს, როგორც უწყვეტი სიტუაცია, განმცხადებლის თავისუფლების შეზღუდვის თავდაპირველი მიზეზი შეიცვალა. თავდაპირველად, ეს იყო დანაშაულის გამოძიება გონივრული ეჭვის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით იგი გადაიქცა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებად, რაც 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტმა აჩვენა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-18 მუხლის დარღვევას 5 § 1-თან მიმართებით,”- ვკითხულობთ სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მორალური კომპენსაციის სახით მერაბიშვილს სახელმწიფომ 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს (აპლიკანტი 15 000 ევროს ითხოვდა).

ვანო მერაბიშვილი ასევე ითხოვდა სასამართლოშ მისი ადვოკატის, ოთარ კახიძისთვის 39, 390 აშშ დოლარის გადახდას მოცემულ საქმეზე 202 საათის მუშაობისთვის (195 აშშ დოლარი საათში) და 4, 350 ფუნტი სტერლინგის გადახდას ბრიტანელი ადვოკატისთვის საქმეზე 29 საათის მუშაობისთვის (150 სტერლინგი საათში), ასევე,  720 აშშ დოლარისა და 90 ფუნტი სტერლინგის გადახდას თარჯიმნისა და საკანცელარიო მომსახურებისთვის, თუმცა, როგორც სასამართლო აცხადებს მათ არ წამოუდგენიათ, კონტრაქტები, ინვოისები, ვაუჩერები ან რამე სახის ფინანსური ინფორმაცია, სასამართლომ ორივე ადვოკატისთვის 8 000 ევროს გადახდა დააკისრა სახელმწიფოს, სხვა ხარჯების ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი