ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ განიხილა საქართველოს ყოფილი პრემიერის, აწ უკვე პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. დოკუმენტის თანახმად, 9-11 მარტის შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.
რა წერია დოკუმენტში?
უწინდელის მსგავსად, კომიტეტის სხდომის შემდგომ მომზადებული დოკუმენტის დასაწყისში კვლავ აღნიშნულია დიდი პალატის გადაწყვეტილების შინაარსი, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რაც გამოიხატება მისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელებაში საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
ასევე საუბარია მე-18 მუხლის დარღვევაზე მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, რაც მოიცავს ღამის საათებში მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. ამ ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო დანაშაულის გამოძიება გონივრული ეჭვის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით იგი გადაიქცა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებად. ამის მაგალითად სასამართლომ სწორედ საკინიდან გაყვანის ეპიზოდი მოიყვანა.
9-11 მარტის განხილვისას, საბჭოს წევრებმა კვლავ ისაუბრეს ეფექტური გამოძიების საჭიროებაზე, რათა მე-18 მუხლის ყველა ასპექტის დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ.
დოკუმენტის მიხედვით, განხილვისას კომიტეტის წევრებმა “გამოხატეს სერიოზული შეშფოთება” საქართველოს გამოძიების გულმოდგინების, საფუძვლიანობისა და ოპერატიულობის დონის შესახებ და “მტკიცედ მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ზომების მიღება შემდგომი შეფერხების გარეშე”, რათა ყველა არსებული საკითხი გულდასმით განიხილოს და თავისი ყველა დასკვნა სარწმუნოდ დაასაბუთოს.
მე-18 მუხლის კონტექსტში სასამართლოს გადაწყვეტილების სერიოზულობისა და ხსენებული შეშფოთებიდან გამომდინარე, დოკუმენტში გახმიანებულია მოწოდება ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს რეფორმების განხორციელება პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გასაღრმავებლად. ამ კონტექსტში ნახსენებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების გაფართოების საჭიროება.
აღნიშნული საქმის განხილვის შემდეგ თარიღად 2021 წლის სექტემბერია მითითებული. საბჭო სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, ამ თარიღამდე მიაწოდოს ინფორმაცია ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით მისაღებ კონკრეტულ ზომებზე, შესაბამის გრაფიკთან ერთად.
რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ
2017 წლის ნოემბერში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ:
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5 § 1 მუხლი, (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), რაც მერაბიშვილის დაკავებას ან მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხებოდა;
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5 § 3 მუხლი, რაც მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის თავდაპირველ შეფარდებას ეხება;
- ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა 5 § 3 მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე;
- 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 5 § 1 მუხლთან მიმართებით – მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდში.
ვანო მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წლის მაისში დააკავეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის საქმეებზე. მან საპატიმრო გასული წლის თებერვალში დატოვა.