საუდის არაბეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სწრაფად დატოვონ ლიბანი

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სწრაფად დატოვონ ლიბანი – ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სამინისტროს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დროულად გამოვიდნენ ქვეყნიდან, საუდის არაბეთის სხვა სახელმწიფოებში მყოფმა მოქალაქეებმა კი თავი შეიკავონ ლიბანში გამგზავრებისგან.

ურთიერთობა საუდის არაბეთსა და ლიბანს შორის გასული კვირის ბოლოს დაიძაბა, როცა ლიბანის უკვე ყოფილი  პრემიერ-მინისტრი საად ალ-ჰარირი არ-რიადში ჩავიდა და იქ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. ჰარირიმ, რომელიც იქამდეც მოიაზრებოდა საუდის არაბეთის მოკავშირედ და წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდანაა, განაცხადა, რომ ლიბანში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რაშიც ირანსა და მის მოკავშირე “ჰეზბოლას” ადანაშაულებდა. “ჰეზბოლა” შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა ლიბანში, რომელიც ქვეყნის პარლამენტშია წარმოდგენილი და საკუთარი გასამხედროებული მილიცია ჰყავს. ის აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ჰარირის მიერ პოსტის დატოვება საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა თამერ ალ-საბჰანმა ლიბანის მხრიდან ომის გამოცხადებად შეაფასა და ქვეყნის მთავრობა “ჰეზბოლასთან” პირდაპირ კავშირში დაადანაშაულა.

“ლიბანმა არჩევანი უნდა გააკეთოს მშვიდობასა და “ჰეზბოლას” მხარდაჭერას შორის”, – აღნიშნა მინისტრმა “ალ არაბიასთან” ინტერვიუში. მისი თქმით, ყველა ტერორისტული აქტის უკან, რომელმაც საუდის არაბეთს საფრთხე შეუქმნა, სწორედ “ჰეზბოლა” დგას.

მსოფლიო მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის ამჟამად ლიბანის ყოფილი პრემიერი. “ალ ჯაზირა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთის ხელისუფლება უკვე ყოფილ მინისტრს გადაადგილებას უზღუდავდეს, ან შინაპატიმრობაშიც კი ჰყავდეს. თუმცა, დეტალები ამ დრომდე დაუზუსტებელია.

BBC-ის ცნობით, ბევრი ლიბანელი შიშობს, რომ მათი ქვეყანა საუდის არაბეთისა და ირანის, რეგიონის ორი გიგანტის დაპირისპირების ცენტრი გახდება.

საუდის არაბეთს მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი კრონპრინცი ჰყავს, რომელიც სპეციალისტების შეფასებით,  ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების მთავარი წარმმართველია. სწორედ მუჰამად ბინ სალმანის მიერ დაწყებული ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში დააკავეს 11 პრინცი და ათეულობით ყოფილი მინისტრი, რომელთაც კორუფცია და სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად. სალმანის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც; მათ შორის, ქალებისათვის ავტომობილის მართვისა და სტადიონებზე შესვლის უფლების მინიჭება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან