საუდის არაბეთის კრონპრინცი. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

რას ცვლის საუდის არაბეთის ახალი კრონპრინცის პოლიტიკა

გასული კვირა საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ძვრებით აღინიშნა. ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და კონსერვატიული ქვეყანა, აბსოლუტური მონარქიით, ერთ დღეში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდა: დააკავეს 11 პრინცი და რამდენიმე ათეული ყოფილი მინისტრი, კიდევ ერთი პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მეზობელი ლიბანის პრემიერ-მინისტრი კი საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადში ჩავიდა და იქ გააკეთა განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ.

სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური სურათი, რომელიც BBC-ს ანალიტიკოსების მიერ უკვე შეფასდა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ, პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყნის ტახტის მემკვიდრისა და კრონპრინცის (მეფის შემდეგ, მეორე პირის) – მუჰამად ბინ სალმანის სახელს უკავშირდება. მან უკვე მრავალი კითხვა გააჩინა საუდის არაბეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

გასული კვირის დაძაბული შაბათი კრონპრინცის მიერ ანტიკორუფციული საბჭოს შექმნით დაიწყო, რომელიც დაკავებების ღამით გაგრძელდა: გისოსებს მიღმა 11 პრინცი და ათეულობით ყოფილი მინისტრი აღმოჩნდა. ბრალდებების ზუსტი შინაარსი უცნობია, თუმცა მათ შორის კორუფცია და თანხების ფლანგვა ფიგურირებს.

დაკავებულებს შორის ყველაზე გამორჩეული ფიგურა ალვალიდ ბინ ტალალია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 50-ე ადგილზეა და წილებს ფლობს არაერთ მსხვილ კომპანიაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, Twitter-სა და 21 Century Fox-ში. პრინცი ყოველთვის გამოირჩეოდა ლიბერალური შეხედულებებით ქალთა უფლებების, განსაკუთრებით ქალებზე მართვის უფლების მინიჭების მიმართ. ცნობილია მისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება საუდის არაბეთის მოკავშირე აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართაც, რომელსაც ტვიტერზე “აშშ-ის სირცხვილი უწოდა”. აღსანიშნავია მისი კავშირი საქართველოსთანაც: მან თბილისის 2015 წლის წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო.

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძის თქმით, რთულია, აღნიშნული ფაქტი ჩვეულებრივ შიდადინასტიურ დაპირისპირებად შეფასდეს მაშინ, როცა დაკავებულებს შორის ერთ-ერთი წამყვანი პრინცი, ალვალიდ ბინ ტალალია. მისი თქმით, მომხდარის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა საფუძვლიანია ვარაუდი, რომ პროცესები ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება, რომელიც შემდგომშიც გაგრძელდება.

“შიდადინასტიური დაპირისპირებები აღმოსავლეთის ქვეყნებს ახასიათებს და წარსულშიც ამის არაერთი მაგალითი გვქონდა. უბრალოდ, ძალიან რეზონანსულია ის ფაქტი, რომ დაკავებულებს შორისაა ტალალი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც, გარკვეულწილად, საქართველოსთანაც იყო დაკავშირებული. ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმას, რომ გარკვეული ჯგუფი, რომელიც ახლა არის ხელისუფლების სათავეში, ცდილობს, რომ სადავეებთან არ მიუშვას ის ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. თუმცა, რაში მდგომარეობს ეს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, საუდის არაბეთიდან არასდროს გამჟღავნებულა”, – განუცხადა სანიკიძემ ნეტგაზეთს.

მსოფლიო მედია დაკავებების სერიას განიხილავდა, როცა საუდის არაბეთის ერთ-ერთი პრინცისა და ასირის პროვინციის გამგებლის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ცნობა გავრცელდა. მანსურ ბინ მუჰრინი საუდის არაბეთისა და იემენის საზღვართან ახლოს, 7 ოფიციალურ პირთან ერთად დაიღუპა. კატასტროფის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. აღსანიშნავია, რომ მუჰრინი ამჟამინდელი კრონპრინცის, მუჰამად ბინ სალმანის წინამორბედია, რომელსაც აღნიშნული პოზიცია 2015 წელს ეკავა. ის სალმანის მამის, საუდის არაბეთის მეფის ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან.

გასულმა კვირამ ძვრები საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაშიც გამოიწვია:  ლიბანის უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საად ალ-ჰარირიმ  პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადში გააკეთა. ჰარირიმ, რომელიც იქამდეც მოიაზრებოდა საუდის არაბეთის მოკავშირედ და წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდანაა, განაცხადა, რომ ლიბანში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რაშიც ირანსა და მის მოკავშირე “ჰეზბოლას” ადანაშაულებდა. “ჰეზბოლა” შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა ლიბანში, რომელიც ქვეყნის პარლამენტშია წარმოდგენილი და საკუთარი გასამხედროებული მილიცია ჰყავს. ის აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

განცხადებამდე 1 კვირით ადრე ყოფილი პრემიერი საუდის არაბეთის კრონპრინც მუჰამად ბინ-სალმანს შეხვდა, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე ფაქტობრივ გამგებლად მოიაზრება. საუდის არაბეთის ხელისუფლების მხრიდან ლიბანის მთავრობის კრიტიკა ჯერ კიდევ მაშინ გაისმა: ქვეყნის ნავთობის მინისტრი აცხადებდა, რომ ბეირუთი არაფერს აკეთებს ჰეზბოლას შესაჩერებლად, რომელიც ლიბანის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. უკვე დღეს, ამავე მინისტრმა ლიბანის მთავრობა “ჰეზბოლასთან” კავშირსა და საუდის არაბეთისთვის ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა.

მსგავსი ბრალდება ოფიციალური არ-რიადისგან მხოლოდ ბეირუთის მიმართ არ გახმიანებულა: რამდენიმე საათის წინ კრონპრინცმა სალმანმა უშუალოდ ირანიც დაადანაშაულა ომის გამოცხადებაში, ოღონდ არა ლიბანის, არამედ იემენის კონტექსტში, სადაც უკვე რამდენიმე წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის. პრინცის თქმით, თეირანი იემენელ აჯანყებულებს იარაღს აწვდის. ბრალდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე უარყო და მას “საშიში” უწოდა.

გასცდება თუ არა პოლიტიკური კრიზისი მწვავე განცხადებების ფარგლებს, სპეციალისტებს საუბარი უჭირთ, თუმცა თანხმდებიან, რომ ლიბანი უკვე ცალსახად იქცა დაპირისპირების ცენტრად საუდის არაბეთსა და ირანს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ და იბრძვიან ლიდერობისთვის რეგიონში.

“დღეს არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მოხდეს დათბობა ირანსა და საუდის არაბეთს შორის. მითუმეტეს, ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა ცალსახად ანტიირანულია”, – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე.

საუდის არაბეთის შიდა და გარე პოლიტიკის ფაქტობრივი “გამგებელი” 32 წლის მუჰამად ბინ სალმანია: საუდის არაბეთის მეფის, სალმანის ვაჟიშვილი, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში კრონპრინცის ტიტული მიიღო და მეფის შემდეგ მეორე პირი გახდა ქვეყანაში. გარდა გასულ კვირას განვითარებული მოვლენებისა, მის სახელს უკავშირდება მანქანის მართვისა და სტადიონებზე შესვლის უფლების მინიჭება ქალებისთვის, რაც უჩვეულო მოვლენაა კონსერვატიული, შარიათის კანონებზე დაფუძნებული საუდის არაბეთისთვის.

ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი ფინანსური მოთამაშის კარჩაკეტილობის მიუხედავად, ცვალებადი სურათი აშკარაა. თუმცა სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზირება, მოჰყვება თუ არა აღნიშნულ პროცესებს ძირეული ცვლილებები საუდის არაბეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში; თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის 85-წლიანი ისტორიის მანძილზე ახალბედა ლიდერების მხრიდან მსგავსი ცვლილებების მცდელობები არაერთგზის ყოფილა, დასკვნის გაკეთება მით უფრო ჭირს. გიორგი სანიკიძის თქმით, კრონპრინცი სალმანი მსოფლიო მედიის მიერ თვისობრივად ახალ ფიგურად უკვე გამოცხადდა, თუმცა, რამდენად გაამართლებს აღნიშნულ შეფასებას მისი შემდგომი ქმედებები, სავარაუდოდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან