რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები (TV) და პუტინი © EPA/YURI KOCHETKOV

ხელისუფლებამ უმეტესად უარყო ვარაუდი, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა მნიშვნელოვანი პრობლემაა-NDI

“ხელისუფლების და პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს გავრცელებული ვარაუდი, რომ დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ამგვარი რიტორიკის მიმართ მგრძნობიარე არ არიან”, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში, რომელშიც სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციას ცალკე თავი ეძღვნება.
შეფასებაში საუბარია ე.წ. “ქართველთა მარშსა” და თათია დოლიძის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობაზე.
“ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრაკონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს. 14 ივლისს, დელეგაციის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, 2000-ზე მეტმა ადამიანმა, თბილისის ცენტრში იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა – “ქართველთა მარში” – გამართა. ქართული ოცნების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ასევე ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა პატრიოტთა ალიანსიდან მონაწილეობა მიიღეს გამოსვლაში, როგორც ეს მრავალმა მედიასაშუალებამ გადმოსცა.

ანტი-ლგბტ კამპანიასთან ერთად, მარშის ორგანიზატორები მოითხოვდნენ არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ბინადრობის ნებართვებზე უცხოელებისთვის შეზღუდვების დაწესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას. ეს საკითხები აძლიერებს არსებულ ცრურწმენებსა და პოპულისტურ განწყობებს,რომელიც ასევე აისახება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მათ შორის ქორწინების განსაზღვრა, როგორ კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა”, -ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, მარშს დეზინფორმაციის და რუსეთის ჩარევის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ.
“ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, აღნიშნული გზავნილების წარმომავლობას რუსეთს მიაწერენ და აცხადებენ, რომ გზავნილები მიზნად ისახავს ფაქტებისა და ჭეშმარიტების მიმართ ნდობის შესუსტებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და ნორმების რყევას, დისკრედიტაციას და საბოლოოდ მათ მიმართ ნდობის გაქრობას. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც Facebook-ზე საჯაროდ გააკრიტიკა მარში, შევიწროების და სექსუალური ძალადობის მუქარის მსხვერპლი გახდა, რაც გარემოს არასტაბილურობაზე მეტყველებს.
მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამდნენ დეზინფორმაციის გავლენასთან და უცხო ქვეყნის ჩარევასთან დაკავშირებით და სწამთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინციდენტები კიდევ უფრო გამწვავდება, პარტიების დამოკიდებულებები განსხვავებულია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, შეშფოთება გამოთქვეს, მზარდი ეთნონაციონალიზმის და რუსეთის გავლენის მიმართ. ხელისუფლების და პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს გავრცელებული ვარაუდი, რომ დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ამგვარი რიტორიკის მიმართ მგრძნობიარე არ არიან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com