თბილისის მერია აბესაძის დაკავებაზე: მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებis თაობაზე მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერიში აცხადებენ, აბესაძე მათი შტატგარეშე თანამშრომელია. დანაშაულის შემცველ ფაქტებს კი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებენ:

“ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებებისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს” – ამბობენ მერიაში.

სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე დღეს, 12 ივლისს დააკავეს.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დააჯარიმებდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ არის “ოცნების ბიჭი” ოთარ აბესაძე? – წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი