ახალი ამბები

ვინ არის “ოცნების ბიჭი” ოთარ აბესაძე?

12 ივლისი, 2017 • 13414
ვინ არის “ოცნების ბიჭი” ოთარ აბესაძე?

ის, როგორც “ქართული ოცნების” წევრი, მონაწილეობდა სატელევიზიო დებატებში, აქტიურობდა ფეისბუკში, ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში და მის სახელს უკავშირდება ხმაურიანი შიდაპარტიული დაპირისპირებაც. ვინ არის ოთარ აბესაძე, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა?

28 წლის ოთარ აბესაძე საზოგადოებამ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გაიცნო. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

ოთარ აბესაძე იყო განათლების მინისტრის მრჩეველი გიორგი მარგველაშვილისა და თამარ სანიკიძის მინისტრობის პირობებში. 2016 წელს განათლების სამინისტრო დატოვა. 2017 წლის მარტიდან საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობს. აბესაძე არის ეკონომიკის დოქტორი და პარალელურად კითხულობდა ლექციებს.

“ზოგადად, ყოველთვის აქტიური სტუდენტი ვიყავი. წინა ხელისუფლების რეჟიმსაც აქტიურად ვებრძოდი. სხვათა შორის, 2011 წლის 26 მაისის ერთ-ერთი დაზარალებულიც ვარ – იმ პერიოდში ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ორგანიზებულ აქციაზე ვიდგებოდით, მთავარი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლა იყო”, – ამბობს აბესაძე კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“სახალხო კრებას ვეხმარებოდი. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, 2012 წლის ერთ საღამოს, ველოსიპედით ვსეირნობდი, როდესაც ქუჩაში გიორგი მარგველაშვილს შევხვდი – ის ძაღლს ასეირნებდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, პოლიტიკური შეხედულებები გავცვალეთ, ცოტა ხანში კი, 23 წლის ასაკში, მის მრჩევლად დამნიშნა. განათლების სამინისტროში მოსვლისთანავე სამ მნიშვნელოვან პროექტზე დავიწყე მუშაობა, ერთ-ერთი უფასო სახელმძღვანელოების პროექტი გახლდათ. მალევე გიორგი პრეზიდენტი გახდა, მე კი განათლების სამინისტროში დავრჩი”, – ამბობს აბესაძე იმავე ინტერვიუში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი ურთიერთობა აქვს მარგველაშვილთან ახლა, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტისა და “ქართული ოცნების” ლიდერების ურთიერთობა შეიცვალა, იგი ამბობს:

“მართალია, პირადი დამოკიდებულება არ შეცვლილა, თუმცა საქმეზე გიორგისთან არასდროს ვსაუბრობთ. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები იგივეა, რაც 2012 წლამდე მქონდა, პრეზიდენტის ნაცვლად კი მე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. გიორგისთან პოლიტიკური ვალდებულება მას შემდეგ დავასრულე, რაც პრეზიდენტი გახდა, ახლა კი “ქართული ოცნების” ლიდერის წინაშე მაკისრია პასუხისმგებლობა”, – აცხადებს აბესაძე.

აბესაძე ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა სატელევიზიო დებატებში, სადაც “ქართული ოცნების” პოზიციებს იცავდა. როგორც თვითნ ამბობს. მეტსახელად “ოცნების ბიჭსაც” კი ეძახდნენ.

“ეს „საგრიმიოროს შუტკაა“: ვერ გეტყვი, რომ ძალიან მახარებს, მაგრამ ბოლო დროს ტელევიზიებში სტუმრობა ხშირად მიწევს. ჰოდა, „მაესტროში“ ვიყავი, საგრიმიოროში პროდიუსერმა შემოიხედა და ჩაილაპარაკა, უი, „ოცნების“ ბიჭი მოსულაო და ასე შემრჩა „დრიმ ბოის“ სახელი”, – აცხადებს აბესაძე თაიმერთან.

ფართო საზოგადოებისთვის აბესაძის სახელი ცნობილი 2015 წელს გახდა, როდესაც მისი და ტყიბულის მაჟორიტარის, ელისო ჩაფიძის დაპირისპირების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჩაფიძე აბესაძისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებდა. ჩაფიძე ამბობდა, რომ აბესაძე ტყიბულში მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა. მის უკან კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი იდგა.

“ყიფიანს ჰყავს გარკვეული სანათესაო ტყიბულში, იგი იყო ჩემი შტაბის უფროსი, ჰქონდა მოთხოვნები, თავის ნათესავებთან მიმართებაში. გაუგებრია, რას ემსახურება ეს ყოველივე”, – IPN-ის ცნობით, განაცხდა ელისო ჩაფიძემ.

ნუგზარ ყიფიანი გუბერნატორობამდე,  2011-2013 წლებში, ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე – ქართუში.

ოთარ აბესაძემ ელისო ჩაფიძის ბრალდებები უარყო.

“მე გახლავართ ტყიბულელი, ბებია მყავს იქ, სახლი მაქვს და ჩემს თანამოქალაქეებთან და თანამოაზრეებთან ყოველთვის მაქვს ხოლმე საუბარი და აქტიურად განვიხილავთ ქალაქში არსებულ საკითხებს”, – განუცხადა აბესაძემ ტაბულას.

სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო  და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უცნობია ოთარ აბესაძის პოზიცია წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი მის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი