ფრესკო

გასახდელში ფარული ვიდეოთვალთვალის გამო ფრესკო ინსპექტორმა დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო 2000 ლარით დააჯარიმა. ასევე, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაავალა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, სუპერმარკეტების ქსელში ვიდეოთვალთვალი წესების დარღვევით მიმდინარეობდა, მათ შორის, გამოსაცვლელ ოთახებშიც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინსპექტირება 12 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ განაცხადეს. ინსპექტორის აპარატს მიმართა პროფკავშირებმაც.

“შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში”, – წერია ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

11 აპრილს “ფრესკოს” ყოფილმა თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ “ფრესკოს” ადმინისტრაციას ქალების გასახდელში დამონტაჟებული ჰქონდათ ვიდეოკამერები და მათ უთვალთვალებდნენ.

აღნიშნული დაადასტურა “ფრესკომ” და განაცხადა, რომ ისინი ვიდეოთვალთვალს ჩხუბისა და ქურდობის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com