ახალი ამბები

“ფრესკოში” კამერების დამონტაჟებას ქალთა გასახდელებში “ჩხუბისა და ქურდობის პრევენციით” ხსნიან

11 აპრილი, 2017 • 13182
“ფრესკოში” კამერების დამონტაჟებას ქალთა გასახდელებში “ჩხუბისა და ქურდობის პრევენციით” ხსნიან

ფრესკოში ადასტურებენ ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუპერმაკეტების ქსელის ქალთა გასახდელებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ აფრიდონიძემ განუცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფრესკოს მოტივაცია ქალთა გასახდელებში ქურდობისა და ფიზიკური დაპირისპირების პრევენციაა, “რასაც კამერების დამონტაჟებამდე ხშირად ჰქონდა ადგილი”.

“კამერები გოგოების გასახდელებში დამონტაჟებული არის, მამაკაცების გასახდელში – არა. ჩვენი დაცვის სამსახური ქალებით არის დაკომპლექტბული, მხოლოდ გოგოები მუშაობენ. არც ერთი მამაკაცი ჩვენს დაცვის სამსახურში არ არის, გარდა დაცვის უფროსისა და მისი მოადგილისა, რომლებიც მამაკაცები არიან, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება და  წვდომა ამ მასალებზე. 2016 წლის 19 თებერვალს გამოვეცით ბრძანება, სადაც წერია, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსებს აქვთ ამ მასალებზე  წვდომა, სხვა არც ერთ ადამიანს, მათ შორის არც გენერალურ დირექტორს… ადმინისტრაციის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს წვდომა”, – ამბობს მარიამ აფრიდონიძე და კომპანიის მოტივაციას ამგვარად ასაბუთებს:

“იყო უამრავი ქურდობის ფაქტები, ერთმანეთს პარავდნენ გოგონები პირად ნივთებს, ასევე არაერთი ფიზიკური დაპირისპირება [მომხდარა] გასახდელებში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კამერები დაგვემონტაჟებინა ქალების გასახდელში. ამის შემდეგ აღმოიფხვრა”.

ნეტგაზეთის შეკითხვას, კაცების გასახდელშიც ხდებოდა თუ არა მსგავსი ინციდენტები და იქ რატომ არ დაამონტაჟეს კამერები, მარიამ აფრიდონიძე პასუხობს:

“იქ უფრო ნაკლებად ხდება. თან, რადგანაც ქალები უყურებენ ამ ვიდეომასალას, კაცების გასახდელში არ დავამონტაჟეთ კამერები”.

ნეტგაზეთმა ფრესკოს ასევე ჰკითხა, ზემოხსენებული ინციდენტების დროს მიმართეს თუ არა პოლიციას და რამდენჯერ, პასუხად მივიღეთ, რომ კომპანია პოლიციას ყოველ ჯერზე მიმართავდა, თუმცა  ჩვენთვის უცნობია, რამდენჯერ გააკეთა ეს.

ადამიანის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დაცულია. ნეტგაზეთმა მიმართა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და აღნიშნული ინფორმაციის შეფასება სთხოვა.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ამბობს, რომ ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია. ეს პირდაპირ წერია კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში’, – მოგვწერა თამარ ქალდანმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა.

პერსონალურ მონაცემების საკითხზე შეკითხვა დავუსვით მარიამ აფრიდონიძესაც:

“კანონის მიხედვით ვერ გეტყვით, ნებისმიერ ორგანოს შეუძლია შეგვამოწმოს და თუკი რაიმე დარღვევას აღმოაჩენენ, ვაგებთ პასუხს”.

ინფორმაცია ფრესკოს ქალთა გასახდელებში განთავსებული ვიდეოკამერების შესახებ კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გაავრცელეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ფრესკოში ფიქრობენ, რომ ისინი კომპანიის დისკრედიტაციას ცდილობენ.

“ჩვენ ამ ადამიანებს რამდენიმე თვის წინ შევხვდით და საჯაროდ, მედიის წინაშე ვესაუბრეთ ყველა პრობლემაზე. მათ მსგავს ფაქტზე მაშინ არ ულაპარაკიათ. შესაბამისად, გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის კომპანიის  დისკრედიტაციის მცდელობა. მაინცდამაინც წინასააღდგომოდ დაგვარტყეს, როცა ჩვენი ბიზნესისთვის ყოველთვის დატვირთული პერიოდია. ეს შემონახულ მასალას ჰგავს”, – ამბობს მარიამ აფრიდონიძე.

მისივე თქმით, ფრესკოს მფლობელი ვასილ სოფრომაძე არაერთ ზარს იღებს სხვადასხვა ადამიანისაგან იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა კომპანია გაყიდოს და საქართველო დატოვოს.

“ის ეროვნებით ქართველია, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის [რუსეთის მოქალაქეა]. არსებობს ზეწოლა, რომ გაყიდოს ფრესკო, მაგრამ ამას არ აპირებს”, – ამბობს მარიამ აფრიდონიძე და უფრო მეტ დეტალზე არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი