ახალი ამბები

„იანდექსის“ მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე შესწავლა დაიწყო

9 აგვისტო, 2023 • 2934
„იანდექსის“ მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობებს.

„ამასთან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას, მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, — ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე. საუბარია ისეთ მონაცემზე, როგორიცაა ადამიანის სახელი და გვარი, მისი საბანკო ინფორმაცია, ლოკაცია, „ლაიქები“, წვდომა სატელეფონო კონტაქტებზე და მრავალი სხვა.

დამოუკიდებელი, რუსულენოვანი მედიის „მედუზის“ თანახმად, საუბარია „იანდექსის“ შემადგენლობაში შემავალ მგზავრთა გადამყვან კომპანიებზე – Yango და Yandex Go. „იანდექსის“ ტაქსი საქართველოში სწორედ Yandex Go-ს სახელით ოპერირებს.

ვრცლად:

მედია: FSB-ს Yandex-ის ქართველი მომხმარებლის მონაცემზე მუდმივი წვდომა ექნება

მასალების გადაბეჭდვის წესი