ახალი ამბები

უნებართვო სარეკლამო SMS-ები გრძელდება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო

18 მარტი, 2024 • 2150
უნებართვო სარეკლამო SMS-ები გრძელდება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო

პირველი მარტიდან ძალაში შესული აკრძალვის მიუხედავად, უნებართვო სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა გრძელდება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. სამსახური აცხადებს, რომ დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

„გარდა ამისა, სამსახურმა შეაფასა სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი მომართვების შინაარსიდან გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციები. აღნიშნულის საფუძველზე, განცხადებებში მითითებულ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების პარალელურად, სამსახურმა დაიწყო მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემების დამმუშავებელი სხვადასხვა პროფილის (საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის სფერო) ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესების შესწავლა“, — ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს. კანონით, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

„ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ ის სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

ამ თემაზე:

1 მარტიდან უნებართვო სარეკლამო SMS-ები შეწყდება

1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს მართლა აღარ მივიღებთ? – იურისტის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი