ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობა”: შს მინისტრის განცხადებები ნარკოტიკის “ჩადების” ირიბი გამართლებაა

10 ივლისი, 2017 • 1868
“თეთრი ხმაურის მოძრაობა”: შს მინისტრის განცხადებები ნარკოტიკის “ჩადების” ირიბი გამართლებაა
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ეხმაურება გუშინ, 9 ივლისს, “იმდის” ეთერში გასულ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინტერვიუს, სადაც მღებრიშვილი “ბირჟა მაფიის” კლიპზეც საუბრობს.
“სამწუხაროა, როდესაც მინისტრი კვლავ სამინისტროს დისკრედიტაციასა და პოლიციის მუნდირის შელახვაზე საუბრობს, ხოლო “ბირჟა მაფიის” წევრთა დამკავებელ პოლიციელებზე ხელის დაფარებით კი თავად ეწევა საკუთარი უწყების დისკრედიტაციას. გარდა ამისა, ბატონ მღებრიშვილს ავიწყდება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყნის მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მისი გუშინდელი სიტყვები, “ბირჟა მაფიამ სისტემის დაკნინება სცადა და ამის უფლება არავის აქვს”, მინისტრის მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების პირდაპირი ხელყოფა და პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედების (“ჩადება”) ირიბი გამართლებაა.
საზოგადოებას არათუ ეჭვი ეპარება, არამედ დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებები რეპერებს კლიპისთვის ანგარიშსწორების მიზნით “ჩაუდეს”. დიახ, დღეს “ჩადების” მავნე პრაქტიკა საპოლიციო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა და სწორედ ეს იყო 10 ივნისს 10 000-მდე მოქალაქის ქუჩაში გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. ჩვენ არ დავუშვებთ საზოგადოებრივი პროტესტის ხელყოფას და თუკი “ჩადების” მსგავსი პრაქტიკები მინისტრის კონტროლის მიღმაა, მოვუწოდებთ მას, მინიმუმ თავი შეიკავოს უწყების დანაშაულებრივი პრაქტიკების გამართლებისგან, რადგან სამინისტროში არსებული დამნაშავეთა ჯგუფის დაცვით, მინისტრი თავად უთხრის ძირს საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთნდობის საკითხს,“- აღნიშნულია “თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, რომ მღებრიშვილთან ინტერვიუს შემდეგ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარაშვილი, რაც ადასტურებს იმას, რომ თათარაშვილს ნარკოტიკი “ჩაუდეს”.
“თათრიშვილის საქმეში მყოფი პოლიციელები სწორედ ის პოლიციელები არიან, რომლებიც “ბირჟა მაფიის” საქმეშიც ფიგურირებენ. დღეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთა გირაოთი შეეცვალა ბაჩო სირაძეს, მის საქმეშიც სწორედ იგივე თანამშრომლები ფიგურირებენ და გვაქვს მოლოდინი, რომ სირაძეც გამართლდება. საუბარია მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელობაზე. ამ საქმეების გარდა, არსებობს უამრავი მსგავსი ხელწერის საქმე, სადაც აღნიშნული უწყების კონკრეტულ თანამშრომლებს მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებების “ჩადებაში” ადანაშაულებენ,”- აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა”.
მათივე განცხადებით, კიდევ ერთი გახმაურებული საქმის მონაწილე, შოთა პაკელიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს პოლიციელებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ დაკავებულმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება გადაყლაპა.
“პაკელიანი საათების განმავლობაში ითხოვდა კიდეც ამორეცხვის პროცედურას, მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა კი შოთა მხოლოდ გონების წასვლის შემდეგ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში,”- აცხადებს “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.
ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, ამ საქმეებზე პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარე გამოძიებებზე დააჩქაროს ძიების პროცესი და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების ობიექტურად მიმდინარეობის თაობაზე.
“ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პოლიციის თანამშრომელს, ვინც კეთილსინდისიერად იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამართალდამრღვევთა ადგილი სამართალდამცავ სტრუქტურაში არ არის,”- აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი