ახალი ამბები

სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარაშვილი უდანაშაულოდ ცნო

7 ივლისი, 2017 • 3713
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარაშვილი უდანაშაულოდ ცნო

დღეს, 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარაშვილი. საქმე მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განიხილა.

თათარაშვილი პოლიციამ 2017 წლის 19 მარტს დააკავა. იგი აცხადებდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო.

“საქმის მასალების თანახმად, მიხეილ თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“- 0, 144 გრამის ოდენობით, რომელიც  2017 წლის 15 მარტს,  სამართალდამცველებმა ხაშურის რაიონის დაბა სურამში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.  სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას,”- აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლა და ამის გამო ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალებები.

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 25 ივლისს განაცხადა, რომ სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა… ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მაშინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი